პაატა გუგუშვილი

ოქტომბერი 23, 2016

კონსტანტინე გამსახურდიას ხსოვნის შეხვედრა 3.X.76

Filed under: 05 ნაწყვეტები დღიურებიდან — ბესარიონი @ 7:58 PM

გვ. 79-80

დღეს, ამ დილას ჩემთან მოვაწყე კონსტანტინე გამსახურდიას ხსოვნის შეხვედრა. ეს იყო “ხაშოლოგიური შტუდიების” ერთგვარი გაგრძელება, უიმისოდ. რაც თუ ცოცხალი ვიქენი, მინდა ყოველწლიურად აღვნიშნო.

საქმე ისაა, რომ მისი გარდაცვალების წლისთავი არ აღნიშნეს. ჩვეულებრივ პატარა, ზოგჯერ სრულებით უმნიშვნელო მწერლის გარდაცვალების წლისთავს აღნიშნავენ, ხოლო ეს ვებერთელა მწერალი, ქრთული მხატვრული ლიტერატურის ნამდვილი მშვენება და სიამაყე დაივიწყეს. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებას გავს რაც თავის დროზე ა.მგელაძემ გააკეთა, როდესაც ის ც.კ. I მდივნად იყო.

მე მაინც აღვნიშნე. ‘მნათობშიც’ სტატია გამოვაქვეყნე მისი გარდაცვალების წლისთავზე (მართალია ძლიერ აკუწეს, დაამახინჯეს, მაგრამ რაღაც მაინც არის) და ჩემს ოჯახშიც მეგობრები მოვიწვიე. დღეს, რადგან ადრე ვერ შევძელი, ივლისში თბილისში არ ვიყავი და სხვა მოსაზრებებიც იყო. მე დირექტორობიდან გამანთავისუფლეს და კიდევ არ ვიცოდი, დღესაც არ ვიცი თუ საბოლოოდ კიდევ რა შეიძლება მოყვეს ამ ჩემს ახლანდელ მდგომარეობას.

დღეს მე მოწვეული მყავდა კონსტანტინეს უახლოესი მეგობრები: ა.შანიძე, კარლო კალაძე, გიორგი ნატროშვილი, რევაზ ჯაფარიძე, ბ.ჟღენტი, აგრეთვე ვ.ჩანტლაძე, ბ.ხასია, ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია.

ს.ჭილაიამ გაიხსენა, თუ როგორ ბეწვზე ეკიდა (ვინ უწყის მერამდენეჯერ) კ.გამსახურდიას სიცოცხლე ამ 23 წლის წინათ ა.მგელაძის მდივნობის დროს. ამან, რათა გაეფუჭებინა კონსტანტინე გამსახურდია, ანტიმეგრული მოძრაობის მძიმე პერიოდში, მოინდომა სტალინთან შეთანხმებით მისი თუ დახვრეტა არა, ყოველ შემთხვევაში დაპატიმრება და კვლავ გადასახლება.

ამას გრძნობდა კონსტანტინე, რომელსაც, არაერთხელ უამბნია მერმე, გადაწყვეტილი ქონდა, როდესაც მასთან სახლში დასაპატიმრებლად მივიდოდნენ მათი დახვედრა თოფითა და რევოლვერით, რამდენიმე მაინც დაეხოცა, და მერმე თავი მოეკლა უკანასკნელი ვაზნით.

ა.მგელაძემ სტალინს მიუტანა გამსახურდიას ‘დიდოსტატის მარჯვენა’ და ‘დავით აღმაშენებელი’, როგორც დოკუმენტები, რომლებიც საფუძველს იძლეოდნენ ავტორის ლიკვიდაციისათვის. ბედი, რომ სტალინი არ აჩქარდა… წიგნები დაიტოვა და უთხრა შემდეგ მომაკითხე და გეტყვი ჩემს აზრსო.

— როდესაც შემდეგ მივიდა მასთან ა.მგელაძე, დარწმუნებული, რომ გამსახურდიას ბოლო მოეღებოდა; სტალინმა მას უთხრა: ეს რა დიდი მწერალი გვყოლია, მე არ ვიცოდი. საჭიროა მას ხელი შევუწყოთო და სხვ.

მოსკოვიდან დაბრუნებული ა.მგელაძე წერილს სწერს კ.გამსახურდიას, რომელსაც უცხადებს, შენ ხარ ჩვენი დიდი და სასიქადულო მწერალიო. მთხოვე რაც გინდა და ყოველმხრივ დაგეხმარებიო.

კონსატანტინე მაშინვე ურეკავს მწ.კავშირის მდივანს ს.ჭილაიას და სთხოვს მიღებას, რაღაც საოცარი დიკუმენტის მისატანად. ის მიდის მწერალთა კავშირში,… სანამ მივა ს.ჭილაიას ურეკავენ ც.კ.-დან: შენთან რომ ახლა გელაპარაკებოდა, მოდის კ.გამსახურდია და მას ასე და ასე უთხარი; ის კარგად მიიღეო და სხვ.

ასე გადაურჩა ანტიმეგრული, ყოვლად სამარცხვინო და ნამდვილად მუხანათური მოძრაობის ამტეხი ა.მგელაძის მსახვალ ხელს მაშინ კ.გამსახურდია.

ეს ა.მგელაძე და მისი ავანჩავანი ვ.მელქაძე ახლა კვლავ დაწინაურდნენ და დიდი გავლენა აქვთ ისეთი საკითხების გადაჭრაში, რაც ქართველი ერის სამკვდრო-სასიცოცხლო საქმეებს შეეხება. ვნახოთ სანამდე წავა ახლა ეს მოძრაობა, რომელიც ისევ ანტიმეგრული ნიშნით ვითარდება.

გამომცემლის შენიშვნა (ბპგ): რვეულის ამ გვერში ჩაკრულია ასეთი ბარათი:

ბატონ პაატა გუგუშვილს
ძვირფასო ბატონო პაატა!

როგორმე უნდა მაპატიოთ, რომ დღეს ვერას გზით ვეღარ ვახერხებ თქვენს სტუმართმოყვარე ოჯახში მოსვლას. სრულად მოულოდნელი საქმე (მნიშვნელოვანი), რომელიც ამ დილას გამომიჩნდა, სამწუხაროდ ეს არ მაძლევს დავესწრო თქვენს სერობას, რომელიც დიდი კონსტანტინეს სახელს ეძღვნება.

მარად თქვენი პატივიცმცემელი
რეზო ჯაფარიძე
3.10.76 წ.

გამომცემლის შენიშვნა (ბპგ) – პაატა გუგუშვილს ამ ბარათზე მიუწერია:

მინაწერი: თურმე გ.ნატროშვილი და რ.ჯაფარიძე ჩემი სახლის შემოსასვლელამდე მოსულან. აქ დაუნახავთ, რომ შემოვიდა სადარბაზოში ზ.გამსახურდია. მაშინვე გაბრუნებულან… გზაზე შეჩერებულებს კარგა ხანს უმსჯელიათ და სახლში დაბრუნებულან.

მე გიორგისთან, რომ შეაგვიანდათ, დავრეკე. მითხრეს: თქვენთან წამოვიდაო. მეორეჯერაც რომ დავრეკე თვითონ მოვიდა ტელეფონთან და მითხრა: მოვდიოდი, მაგრამ გამოვბრუნდი. თქვენთან დალევა მომიხდებოდა და გული სუსტად მაქვს ვეღარ დავლევო და სხვ. ასეთები; როდესაც მე ვუთხარი მე კიდევ უფრო სუსტად ვარ და ისედაც აბა როდის იყო ჩემს ოჯახში დალევას ვინმეს აძალებდნენ მეთქი… ვერ მოვალ, ისეა საქმეო…

ცოტა ხნის შემდეგ რევაზმა ეს წერილი გამოაგზავნა… მეორე დღეს თვითონ მოვიდა. დიდი ბოდიშები მიხადა და გამომიტყდა: ორიოდე დღის წინ ე.შევარდნაძესთან ვიყავი გამოძახებული… სხვათა შორის გამაფრთხილა… ზვიად გამსახურდიას ნუ გაეკარებიო… მე და გიორგიმ ის ვნახეთ თქვენს სახლში შედიოდა და ის იყო. ჩვენ მაშინვე გამოვბრუნდით. გიორგისაც შეეშინდა. არ ივარგებდა… ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხს შეეხებოდა საქმეო. და სხვ და სხვ. მე, მართალია, ავუხსენი, რომ ეს შეხვედრა კონსტანტინე გამსახურდიას მოსაგონრად მოვაწყვე; – მის წლისთავს ჩემს მეტი არავინ გამოეხმაურა და მომავლის წინაშე მეც რომ არ გავწითლებულიყავი და თქვენც რომ მისი მეგობრები პირშავათ არ დარჩენილიყავით იმიტომ გავაკეთე მეთქი და ზვიადი აბა რას გიშლიდათ და სხვ… ყოველივე ამაო იყო… ამაოებათა…

ესეც ნიმუში ჩვენებური, თანამედროვე ვაჟკაცობისა.
მინაწერი 27.10.76

(more…)

Advertisements

ოქტომბერი 15, 2015

აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დღიურები და მოგონებები

«წიგნში პირველად იბეჭდება გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს პ.გუგუშვილის მოგონებები და დღიურების ნაწილი, რითაც საზოგადოების ფართო წრისათვის ცნობილი გახდება მისი მემკვიდრობის კიდევ ერთი მხარე.»

© თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა
თბილისი, 2015

View this document on Scribd

ოქტომბერი 15, 2008

პ.გუგუშვილი როკის გვირაბის მშენებლობის წინააღმდეგ

პაატა გუგუშვილი,
დღიურები, ჩანაწერები, მოგონებები.
რვეული 12 (1978 წ.), გვ. 8-11,
ამონარიდი:

«გასული წლის 22.12 საგეგმო კომიტეტში 1978 წ. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო გეგმის განხილვა იყო…სიტყვით გამოვედი. აღვნიშნე, რომ …კავკასიის მთაგრეხილზე გამვლელი ორი ტრანსკავკასიური გზის (საავტომობილო და სარკინისგზო) პრობლემა ჯერ კიდევ არაა შესწავლილი. იმას ვინც ქართული ყურძნის, მანდარინის, ვაშლისა და ღვინის ყუთებს დასდევს რუსეთის ბაზარზე არ შეიძლება წარმოდგენილი ჰქონდეს თუ რაოდენ ძირეულ გავლენას მოახდენენ ეს ორი ტრანსკავკასიის, განსაკუთრებით საავტომობილო გზა საქართველოს ეროვნული ორგანიზაციისა და ტერიტორიული ორგანიზაციის განვითარებაზე მომავალი ათეული წლების მანძილზე. – ეს იქიდანაც ჩანს, რომ რესპუბლიკაში არაა არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხს სწავლობდეს. ეს წარმოდგენილია ისეთ სიკეთედ, რომელსაც შეგვიძლია ბრმადაც დავხვდეთ… სინამდვილეში კი ის შეიძლება ისეთი შეიქნეს, რომ თვალხილულებმაც მთელი განთხმულობით ვეღარ მოიხილონ…»


საყურადღებოა ტერმინები საქართველოს „ეროვნული ორგანიზაცია“ და „ტერიტორიული ორგანიზაციის“ განვითარება – პაატა გუგუშვილმა თითქმის 30 წლის წინ დაინახა ის, რასა 21-ე საუკუნეში უნდა მომხდარიყო. დასაფიქრებელია ისიც, თუ რატომ გამოჰყო პაატა გუგუშვილმა განსაკუთრებით და სწორედ ტრანსკავკასიის საავტომობილო გზა, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი და საკუთრივ ოსეთი დააკავშირა!

სამწუხაროდ მაშინ, პაატა გუგუშვილის გარდა (რომელმაც ყველა სამთავრობო და პარტიულ ინსტანციას მიმართა შესაბამისი მეცნიერულად დასაბუთებული განცხადებით), ვერც ერთმა მეცნიერმა თუ საზოგადოებრივმა მოღვაწემ ვერ დაინახა საფრთხე თუ ვერ გაბედა ხმა აღემაღლებინა ამაზე.

პ.გუგუშვილი როკის გვირაბზე

პ.გუგუშვილი როკის გვირაბზე

პაატა ბესარიონის ძე გუგუშვილი ეკონომიკა პოლიტეკონომია პოლიტიკური ეკონომია სოციოლოგია დემოგრაფია სახალხო მეურნეობის ისტორია სტატისტიკა მეურნეობა ჟურნალისტიკა კონსტანტინე გამსახურდია ხალხთმოსახლეობა სტამბა გამომცემლობა შრიფტი შრიფტები საქართველო ამიერკავკასია კავკასია

Create a free website or blog at WordPress.com.