პაატა გუგუშვილი

ოქტომბერი 15, 2008

პ.გუგუშვილი: მოგონებანი

Filed under: 02 მოგონებები — ბესარიონი @ 11:36 AM

[ფ. 1]

პაატა გუგუშვილი

მოგონებანი

I

  • 9.2.80
  • 9.2.80
  • 5.3.80
  • 9.3.80
  • 7.4.80
  • 5-6 აგვისტო 1980. ბორჯომი. „ლიკანი”
  • 13.8.80 ბორჯომი „ლიკანი”
  • 30.10.81
  • 1.11.81
  • 23.VII.82
  • 12.4.83
  • 12.9.84
  • 9.V.86
  • 17.VI.86

გადავსწყვიტე – მიმდინარე, 1980 წლიდან დავიწყო მოგონებების წერა, რამდენადაც და როგორც კი ამისათვის თავისუფალი დრო მექნება.

  • 8.2.80

მოგონებების წერას აზრი არა აქვს, თუ იქ არ იწერება მხოლოდ სიმართლე (სინამდვილე)

[ფ. 2]

  • 9.2.80

ს.კოდორი, აბაშის რაიონისა, სადაც ბავშვობოს წლები გავატარე, მდებარეობს მდ.რიონისმარცხენა ნაპირზე. იქვე, მარჯვენა ნაპირზედაც ს.კოდორია, უფრო დიდი და ძველი(1). ოდესღაც, როგორც ჩანს, ესენი ერთი სოფელი ყოფილა, მაგრამ მდ.რიონსკალაპოტი შეუცვლია და ამ სოფლის შუა გაუვლია და ის ორ სოფლად გაუყვია. ზოგჯერ ჩვენს სოფელს მეორე კოდორსაც უწოდებდნენ. მის მეორე მხარეს დღესაც არის შერჩენილი, დროთა ვითარებაში დასილული (სილით ამოვსებული) საკმაოდ დიდი მდორე მდინარე, რომელსაც ნარიონალი ეწოდება და რომელიც ჩვენს კოდორსა და მის მეზობელ სოფ.კეთილარს ესაზღვრება გურიის მხარეს, მდ.ფიჩორისა და ნიგოითის მთების მხარეს. ეს ფიჩორი პალეასტომს ერთვის, ხოლო ნარიონალი კეთილარის ზემოთ იწყება და კოდორის ქვემოთ უერთდება მდ.რიონს.
(1) მის ზემოდ რიონს უერთდება ცხენისწყალი

[ფ. 3] როდესაც რიონი ადიდდება და კალაპოტს გადადის, მისი წყალი თვით ნარიონალსაც აღწევს და ფარავს კოდორისა და კეთილარის დიდ ნაწილს; ასე თანდათანობით სილით ავსებს ნარიონალსაც და ამ სოფლებში, მათ დიდ საყანე ადგილებში, ანჯელში მნიშვნელოვან შლამს ტოვებს, დაბლობ ადგილებს ამაღლებს, თვით ნარიონალსშლამით ავსებს და სიღრმეს უკარგავს.

ჩემი პატარაობის დროს, პირველი მსოფლიო ომის წინა წლებში მდ. რიონის წყალდიდობისაგან სოფლების – კოდორის და კეთილარის – დაცვის მიზნით მამიჩემის ინიციატივით, რომელიც თემის მამასახლისი იყო, რიონის სანაპიროების გასწვრივ, ყველაზე მაღლობი ადგილების გაყოლებით გაიყვანეს დიდი დამბა (ჯებირი), დაახლოებით ხუთი კილომეტრის სიგრძეზე. ეს მიწაყრილი (იქვე თხრილებიდან ამოღებული) 1,5-2 მეტრის სიმაღლე და საფუძველზე 3-5 მეტრის სისქე იყო და მისი ნაშთები ახლაც, 65 წლის შემდეგაც, საკმაოდაა დაცული და შეიმჩნევა მრავალ ადგილას.

[ფ. 4] ეს დამბა სამიოდე წელიწადი კეთდებოდა, უმეტესად შემოდგომაგაზაფხულზე. მუშაობდნენ როგორც ადგილობრივი მკვიდრნი, ასევე ქირაზე აყვანილი მთხრელები – სვანები, რომლებიც პარტიობით (30-50 კაცის რაოდენობით) ჩამოდიოდნენ ადრე შემოდგომით. ხშირად 5-10 ჯგუფი ერთდროულად მუშაობდა.

ერთხელ, მახსოვს, გაზაფხული იყო. სოფელში ჩვენი სახლის ეზო ერთბაშად გაივსო მხრებზე ბარგადებული სვანებით… მამას ემუქრებოდნენ… ორმოცზე მეტი კაცი იქნებოდა… ჩვენ, ოჯახის წევრებს ძალიან შეგვეშინდა…

თურმე, სოფელში ფულები დროზე ვერ მოუგროვებიათ, რათა შინ მიმავალი მთხრელებისათვის კუთვნილი ხელფასი მიეცათ… რამდენიმე დღე გადაუცილებიათ და ახლა სვანებიდაბეჯითებით მოითხოვდნენ ფულებს… მამას კიდევ ერთი დღე ვადა მისცეს და თუ “ზეგ დილას მთელ ხელფასს არ მიიღებდნენ”… მოკვლითა და კარმიდამოს გადაწვით ემუქრებოდნენ. როგორც იქნა, მათი გასტუმრება მოხერხდა და აოხრებას გადავრჩით.

—o—

[ფ. 5] მამა ჩემის – ბესარიონ ნიკოლოზის ძე გუგუშვილის მამას, ნიკოლოზ იოსების ძეს, პირველი ცოლისაგან ყოლია ორი ვაჟი და ერთი ასული: გიორგი, ერისთე და ასპინოზი. უკანასკნელი ფოთში იყო გათხოვილი და შვილები მას არ დარჩენია. ხოლო ვაჟების გიორგის და ერისთეს ნაშიერები ახლაც ცხოვრობენ კოდორში

მეორე ცოლს, გეგენავას ასულს (ს. ტეზათიდან[გეზათი?]), ხოშტარიას (ს. სუჯუნა) ქვრივს, თან მოყოლია ორი ვაჟი – ისინი აქვე დაიზარდნენ – თედორე და დავითი. ისინი, როცა დაოჯახდნენ პაპაჩემს მათი მამის მიწებზე დაუსახლებია სოფელ სუჯუნაში. მათი ნაშიერები ახლაც ცხოვრობენ სუჯუნაში, ფოთში და თბილისში.

მეორე ცოლისაგან, ბებიაჩემისაგან, უკვე 40 წლის პაპას ყოლია ორი ვაჟი: იოსები და ბესარიონი – მამაჩემი. ბიძაჩემს, იოსებს მონაწილეობა მიუღია რუსეთ-იაპონიის ომში, უცხოვრია მანჯურიაში, ყოფილა იაპონელთა ტყვეობაში. მერმე ის დაბრუნდა თავის სოფელში; – იგი იყო სამხედრო ფერშალი (ფელდშერი), საკმაოდ ცნობილი მედიკოსი, რომელსაც მნიშვნელოვანი პრაქტიკა ჰქონდა რაიონში. ფრიად ლამაზად წერდა ლათინურად რეცეპტებს და ქართულ-რუსულ ენაზე წერილებს და საჩივრის დოკუმენტებს.

[ფ. 6] ბიძაჩემს ყავდა ერთი ვაჟი და ორი ასული. ვაჟი, ოთარი – დაიღუპა ჩრდ.კავკასიაში 1943 წელს, დიდ სამამულო ომში.

დედა ჩემი იყო ს. პირველი კოდორიდან, გიტო კიზირიას ასული – მარიამი. მისი ძმა იონა საკმაოდ ცნობილი სოციალ-დემოკრატი იყო. მუშაობდა ფოთის პორტში მოანგარიშედ. გადაასახლეს ოდესაში. მერმე არალეგალურად ცხოვრობდა თბილისში, სადაც რევოლუციის დასაწყისს შექმნა ოჯახი.

როდესაც მე დედა მომიკვდა, 1916 წელს, დედის მხრით ბებიამ წამომიყვანა თბილისში. აქ ბიძაჩემის, იონას, ოჯახში ვცხოვრობდით კარგა ხანს…

ჩემს მშობლებს ყავდათ 4 შვილი: ყველაზე უფროსი ვიყავი მე – პაატა, ალექსანდრა, ლიუბა და შურა – სამი ასული. პატარაობისას სოფელში უფრო ბატასა და ბაძუს მეძახდნენ, ხოლო ფოთში, ბიძია იონას (დედის ძმის) სახლში, ბებია და სხვებიც ძუკუსაც მეძახდნენ.

სწავლა დავიწყე კოდორის ერთკლასიან სასწავლებელში 1911 წ(?). როგორც მამაჩემისგან გამიგონია გვიან მოვუნათლივართ. უცდიდნენ მამიჩემის მეგობარს, ჩვენი სოფლის ყოფილ [ფ. 7] მასწავლებელს – ალშიბაიას, რომელიც ამ დროს სამუშაოდ სოხუმში გადასულა… რაკი ჩამოსვლა გაჭიანურდა მერე მოვუნათლივართ 15 სექტემბერს, როდესაც ჩვენთან ჩამოსულა თედორე ხოშტარია, რომელიც თურმე ამ დროს ბაქოში მუშაობდა -ყოფილა ტრამვაის ვატმანი. მერე მისი ერთ-ერთი სტუმრობის დროს, როდესაც უკვე სკოლაში ვსწავლობდი, მას ჩემთვის საჩუქრად ჩამოუტანია საბავშვო ვერცხლის: დანა-ჩანგალი და კოვზი და პატარა საინი. პირველი სამი ახლაცა მაქვს და მივლინებების დროს თან დამაქვს, ხოლო ვერცხლის საინი 30-ოდე წლის წინ ბირჯომში, სასტუმროში ყოფნისას დამეკარგა – მომპარეს.

ს. კოდორის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლები იყვნენ დავით კორძაძე და ამავე სოფლის მღვდელი დ.ფირცხალავა. ორივენი მამის მეგობრები იყვნენ და ჩვენს ოჯახში ხშირად ყოფილან. დ.კორძაძე ბოლოს დომენტი ფირცხალავას სიძე შეიქმნა – მისი ასული შეირთო. პირველი მს. ომის პირველსავე წელს მისი ოჯახი ჩვენი სოფლიდან წავიდა.

[ფ. 8] სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვა საკმაოდ კარგად ვიცოდი. დედა მასწავლიდა. იგი ხშირად მიკითხავდა სხვადასხვა წიგნს, განსაკუთრებით ლექსებს, რომელთა შორის, თუ არ ვსცდები, უმეტესობა ხალხური იყო. დედას ქონდა საკმაოდ მოზრდილი ალბომი, სადაც ძლიერ სუფთა ხელით იყო ჩაწერილი ლექსები, რომელთაც იგი ყველაზე უფრო ხშირად მიკითხავდა.

ზოგიერთი ეს ლექსი ახლაც კი მახსოვს. დედა ხშირად მღეროდა ამ ლექსებს, როგორც მარტო, ისე სხვებთან ერთად. მე მგონია იმ ალბომში მისი საკუთარი ლექსებიც იყო. ისე უყვარდა მას მათი კითხვა და ისე მოწიწებით და სასოებით ინახავდა და უვლიდა იგი ამ ალბომს, -რომელსაც მხოლოდ ხელების დაბანის შემდეგ გადმოიღებდა და გადამიშლიდა… მე თვითონ მიყურებია, როგორ იწერდა იგი ალბომში, მაგალითად, ს.გუგუნავას „თამარიანიდან” ნაწყვეტებს… და სხვა ლექსებს, კეძოდ აკაკი წერეთლისას და სხვ.

[ფ. 9] … ეს სულ ახლა, რამდენიმე წლის წინად იყო… ჩემზე მეტისმეტად გადაკიდებული ადამიანთა ერთი ჯგუფი მოკვლით მემუქრებოდა. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემი დაშინება სიკვდილით შეუძლებელია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მე მკვდარი ვარ დაბადებული და სიკვდილი და მისი შიში, ამგვარად, უკვე გამოვლილი მაქვს მეთქი…

მართლაც მამისაგან, უკვე დიდსაც, არაერთხელ გამიგონია… ჩემს დედას პირველი შვილი დაბადების პირველსავე დღეებში მოკვდომია…

როდესაც დედა, ჩემზე ორსული, სამშობიაროდ ემზადებოდა, ვიღაც ცნობილი ბებიაქალი მოუყვანიათ… დავბადებულვარ, მაგრამ საამქვეყნო ფერი არ მქონია… ბებიაქალი ეცადა, ყოველივე იღონა, მაგრამ ჩემი მოსულიერება ვერ შესძლო… მაშინ ჩემი ბებია, მამის დედა, მოვარდნილა, ბავშვი მისთვის ხელიდან გამოუგლეჯია და ერთი ცემატყეპით აივანზე გაუყვანია.. მერე პირში მუნდშტუკით [ფ. 10] სული ჩაუბერია და… სასოწარკვეთილს წყლით სავსე სპილენძის დიდ ტაშტში გაუცურებია… და მაშინღა თურმე მოესმათ ჩემი კნავილი… გაცოცხლდა.., ცოცხალია, აბა უშველეთო… და სხვ. დაუწყიათ ყვირილი… გაცოცხლება მით უფრო აუცილებლად მიაჩნდათ, რომ ვაჟი იყო ეს ბავშვი და ბებიას უთქვამს, ვინ იცის იქნება აწიბიჭი სულაც არ გაუჩნდესო!

ეზოში ხმა გავარდა… ვაჟია და ცოცხალიაო. მამაჩემი, რომელიც ამ კივილისა და გაწამაწიის დროს ბაღ-ბოსტანში გასულა, თურმე გამოქანდა და თოფს ეცა… ბახ! გავარდა ერთი, მეორე… მერმე თოფი ძმისშვილს მისცა, რამდენიც გინდოდეს გატენე და ისროლეო…

-ასე, რომ სიკვდილის შიში უკვე დაბადების ჟამსვე მქონდა მართლაც გამოვლილი… ისიც კია, ჩემს მშობლებს მეტი ვაჟი არ ყოლიათ… ბებიას დამსახურებაც დიდი იყო და მამაჩემი ამას ხშირად იგონებდა და მისი დედის სულს იფიცავდა, როგორც ვალაუვალი მოვალე.

[ფ. 11]

  • 9.2.80

ბესარიონ გუგუშვილის ოჯახი საშუალო შეძლების გლეხის ოჯახი იყო. მისი წინაპრები ოდესღაც აზნაურები ყოფილან და კიდევ უფრო ადრე თავადებიც – გოშუების გვარისა. მაგრამ, როგორც მამისა და მისი ბიძაშვილებისაგან გამიგონია კოდევ უფრო შორეული წინაპრები ზღვის მეკობრეებიც ყოფილან. რიონის შესართავებთან და მის მიდამოებში დიდი ნავები ჰყოლიათ (ვითომ ხომალდებიც) და თურქ და ბერძენ ვაჭრებს ძარცვავდნენ, რისთვისაც მათ შემოსწყრომია დადიანი, – რომელსაც წაურთმევია მამულები და ფეოდალური წოდებაც. ამის შემდეგ ისინი რიონს გაღმა, გურიისაკენ გადასახლებულან, თუ გაქცეულან და ახლაც იქ სახლობს გუგუშვილების სამიოდე კომლი. წინად, ჩემი ბავშვობის დროსაც კი 7-8 კომლი იყო.

ჩემი ბავშვობის დროს ს.კოდორი საერთოდ საკმაოდ ძლიერი სოფელი იყო. სოფლელებს ანჯელში და საერთოდ რიონის ჭალებში ეჭირათ ნაყოფიერი მიწები, სადაც სიმინდი, ლობიო, ვენახი, ხეხილი კარგად ხარობდა. საბალახოებიც ქონდათ, განსაკუთრებით [ფ. 12] რიონის სანაპიროებზე და ანჯელში და როგორც მსხვილი რქიანი პირუტყვი – ძროხა, ხარი, კამეჩი, ცხენი, აგრეთვე თხა და ღორები და სხვადასხვა ფრინველი ბლომად ყავდათ.

სოფლის მეურნეობის პროდუქტები, განსაკუთრებით კი სიმინდი გასაყიდად გაქონდათ – სადგ. აბაშასა და ფოთში. მამის მამასა და პაპასაც ნავებით თურმე სიმინდი და სხვა პროდუქტები გასაყიდათ რიონით, ნავებით გაჰქონდათ ფოთში, სადაც მათ ამ საქონლის რეალიზაციის საქმე აწყობილი ქონიათ თურქ ვაჭრებთან და უფრო მეტად კიდევ ლაზებთან. ს. კოდორი მდ. რიონის მაგისტრალზე ოდესღაც ერთ-ერთი ცნობილი სავაჭრო პუნქტი იყო; აქ ცოტა ზემოდ, მდ. რიონს ერთვის ცხენისწყალი, სადაც სოფ.ორპირი იყო, ნავთმისადგომი და გურია-იმერეთ-სამეგრელოს შორის სავაჭრო-საბაზრო ადგილიც.

პაპა (ნიკოლოზი) მე არ მახსოვს. ის 92 თუ 97 წლისა მომკვდარა. დილას უბელო ცხენზე მჯდარს პირუტყვი (ძროხები და სხვ.) გაურეკია რიონის სანაპიროს საბალახოზე და უკან მობრუნებული, როდესაც თავის ეზოში უნდა შემოსულიყო, ჭიშკართან [ფ. 13] ცხენი ძაღლს დაუფეთებია და იგი გადავარდნილა ცხენიდან, ხერხემლის ძვალი დაზიანებია და მეორე დღეს გარდაცვლილა. ბებია საკმაოდ მახსოვს, არსებითად მხოლოდ ორიოდე ეპიზოდით.

დედა ახლაგაზრდა გარდაიცვალა, 1916 წელს, როდესაც მე 11 წლისა ვიყავი. სულ ბოლო ხანებამდე ჩვენს ოჯახში ინახებოდა, მგონი ახლაც არის ჩემს დასთან, შურასთან, ფოტო – გადაღებული დედის გასვენების და მასთან გამოთხოვების სურათი. ის მაშინ დაახლოებით 30 წლისა იქნებოდა. ჩემი სამი და და მე, ამგვარად ადრე დავობლდით. შურა სულ პატარა იყო, ოთხი-ხუთი წლისა.

მამა მაშინ 37 წლისა იყო (დაბ. 1879 წ.) და ნაადრევი დაქვრივება ვაჟკაცურად აიტანა. 7 წელიწედი იგლოვა და როდესაც ჩვენ ბავშვები წამოვიზარდეთ მეორე ცოლი მხოლოდ მაშინ შეირთო, იმაზეც ძალით დაიყოლეს… თანაც მალე, მეორე წელსვე გაეყარა და მერე სულ ოჯახისა და ბავშვების მოვლას შეალია მთელი თავისი სიცოცხლე. ადრე გარდაიცვალა – 58 წლისა. [ფ. 14] უკანასკნელ ხანებში თითქმის სულ მარტო ცხოვრობდა სოფელში. ჩემი დები გათხოვდნენ, მხოლოდ ლიუბა იყო იქვე სოფელში გათხოვილი და ის თუ მიხედავდა, დანარჩენები ყველა ქალაქში, თბილისში ვიყავით. ჩემი დებიც ლიუბა და ალექსანდრა ადრე გარდაიცვალენ. რამდენადაც ვიცი უფრო მეტად მუცლის მოშლის ოპერაციებს გადაყვნენ… ლიუბას სამი შვილი, ხოლო ალექსანდრას – ერთი შვილი დარჩა. შურა ცოტა ხანი იყო გათხოვილი. შვილი არ ყოლია. მისი მეორე საქმრო ომში დაიღუპა და მერე არ გათხოვილა. ახლა დისშვილებსა და მათს შვილებს ეხმარება და პატრონობს.

როგორც აღვნიშნე, მამის ოჯახი საშუალო შეძლებისა, ან იქნებ ცოტა მეტიც, იყო. მას ყოველთვის ყავდა 2-3 მეწველი ძროხა, ერთი უღელი ხარი, 1-3 ცხენი (და კვიცი). მისთვის როგორც მამასახლისისათვის1 ცხენი აუცილებელი იყო. სოფლის საზოგადოების [ფ. 15] კანცელარია ს.გულეიკარში (5-6 ვერსის სიშორეზე), ხოლო მთელი თემის სოფლები: კოდორი, კეთილარი, გულეიკარი, ქორეისუბანი, ტოლები თხუთმეტიოდე კილომეტრზე იყო გადაჭიმული – რიონის სანაპიროზე და ამ დისტანციაზე თითქმის ყოვედღიური მიმოსვლა, განსაკუთრებით 1914-1916 წლებში, ომის პერიოდში, მხოლოდ ცხენით შეიძლებოდა. ამიტომ ერთი ცხენი თითქმის ყოველდღე შეკაზმული ყავდა.

– მსხვილ რქიანთა საერთო რაოდენობა ათიოდე თავს შეადგენდა. ზოგჯერ ყავდა 1-2 მეწველი თხაც, ოციოდე ღორ-გოჭები, ბატები, ინდოურები და უფრო ბევრი ქათამი – დაახლოებით 60-70 ფრთა -ყოველთვის.

მამა და მისი უფროსი ძმა იოსები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, სანამ უკანასკნელი ცოლს არ შეირთავდა და ერთხანს მას მერმეც. მიუხედავად ამისა საოჯახო მეურნეობაში ყოველთვის იგრძნობოდა მუშახელის სიმცირე, თუმცა დედაჩემი არაჩვეულებრივი შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ადრე დილიდან, გვიან დაღამებამდე ის შეუჩერებლად ტრიალებდა და ათას რამეებს აკეთებდა.

[ფ. 16] მუშახელის ნაკლებობას ვერ ავსებდა ისიც, რომ საკმაოდ დიდიხანს ჩვენთან ცხოვრობდა და გვეხმარებოდა ბიჭია გუგუშვილი, სოფ. ეწერიდან, უსახლკარო კაცი, ძმებისაგან მოძულებული, რომელიც დიდხანს გადაკარგული იყო, იაპონიასთან ომისა და 1905 წ. რევოლუციების პერიოდში, როდესაც თავის სოფელში ვერ მოეწყო ჩემს მამასთან მოვიდა და თავშესაფარი სთხოვა, როგორც მამასახლისსაც. ის მალე შეიქნა ჩვენი სოფლის მეველე და როგორც ასეთს, მართალია, სადღაც საყანეში თავისი ფაცხა ქონდა; მაგრამ უფრო ხშირად ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა და თუ სხვა საქმეზე არას ვიტყვი პირუტყვს მთლიანად ის უვლიდა. ისე რომ ხშირად ძროხებსაც წველავდა; განსაკუთრებით დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ.

(1) 1902-1917 წ.; მხოლოდ 1907-1908 წელს არ იყო არჩეული. მაშინ, რეაქციის პერიოდში, მამასახლისს ბოქაული (მაზრის) ან მაზრის უფროსი ნიშნავდა ხოლო მერმე, როცა ნება მისცეს, თემმა კვლავ იგი აირჩია

მაინც ჩვენს ოჯახში თითქმის ყოველთვის იყო ერთი ბიჭი, უფრო ჩვენი სოფლელი ვინმე, ღარიბი ოჯახიდან და ან ერთი გოგო, რომლებიც საოჯახო საქმეებში იყვნენ დასაქმებულნი; ეს მით უფრო [ფ. 17] აუცილებელი ჩანდა, რომ მამას, თემის საქმეების გამო, ოჯახში სამუშაოდ დრო ძლირ მცირე რჩებოდა. ერთი ჩვენს ოჯახში გაზრდილი ბიჭი, გვარად ცოტაძე მერმე დიდი კაცი შეიქნა და იგი სისტემატურად მოდიოდა მამასთან მოსაკითხებით, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ – ჩემთან თბილისში და იმასაც ტრაბახობდა, რომ ბესარიონ გუგუშვილის ოჯახში ვარ გაზრდილი და პაატას ძმად ვეკუთვნიო.

აქ ისიც უნდა ვსთქვა, რომ ოჯახში ხშირად, სხვადასხვა დროს, გვეხმარებოდნენ მამის ბიძის შვილები და *** დის შვილები, ბიძაშვილთა შვილები. ყველა ისინი, ისევე როგორც არანათესავური დამხმარე ძალები, ერთდროულად სწავლობდნენ; მამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა, რომ მისი ოჯახის წევრები უსწავლელნი ყოფილიყვნენ; – ხოლო ყველას, ნათესავს თუ გარეშეს, ვინც სახლში მუშაობდნენ, ის ოჯახის წევრად სთვლიდა და ასეთიც იყვნენ ისინი სინამდვილეში.

[ფ. 18] მუშაობა, დასვენება, გართობა, სმა-ჭამა მთელს ოჯახის წევრებისა ერთად და განუყოფლად იყო აწყობილი. კარგად მახსოვს ერთი გოგოს მამა დაბეჯითებით სთხოვდა ჩემს დედას კიდევ მეტ ხანს დაეტოვებინა მისი ასული ჩვენთან: თქვენს გარდა სხვა პატრონი მას, დედით ობოლს, არა ყავსო (თურმე დედინაცვალთან ამ გოგოს ცხოვრება არ შეეძლო)… ის მართლაც ჩვენთან დარჩა გათხოვებამდე და საკმაო მზითევიც გაატანეს, საბან-საგებელი და ერთი ხბოიანი ძროხაც, თანაც სოფლის სკოლაც ქონდა უკვე დამთავრებული, ჭრაკერვა, ქარგვაც იცოდა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის ქალი აქტივისტი შეიქნა. სოფსაბჭოს წევრი გახდა და სადღაც ანკეტაში ჩაეწერა შინამოსამსახურედ ვიყავიო. დედა უკვე ცოცხალი არ იყო. ეს როგორღაც მამას გაუგია და სოფსაბჭოში მისულა და აქ ხალხის დასწრებით უთქვამს: დედით ობოლი იყავი. უპატრონო, ჩემმა მეუღლემ გაგზარდა, მზითევიც გაგატანეთ, ჩვენს [ფ. 19] შვილებში არ გარჩევდით და აბა მის ხსოვნას მაინც როგორ აკადრე, რომ შინამოსამსახურეობა გამოგიცხადებიაო. ის თურმე ძალიან შეწუხებულა: მითხრეს ასე დაწერე და პარტიაში უფრო ადვილად მიგიღებებო და ამიტომ დავსწერეო… იქვე აღმასკომის თავმჯდომარისთვისაც უთქვამს ახლავე უნდა გავასწოროო. მართლაც ასე მოქცეულა. და ჩაუწერია: დაობლებული რომ დავრჩი გუგუშვილების ოჯახში გავიზარდე, მათ მშობლობა გამიწიეს და მერმე კიდეც გამათხოვესო…

ასეთი, ასე ვთქვათ, პატრიარქალური, თუ არქაული დამოკიდებულება მაშინდელ ოჯახებში კიდევ იყო და, ცხადია, არა მხოლოდ ჩვენთან. თუმცა, მე კარგად მახსოვს ჩვენი სოფლის ერთ შეძლებულ ოჯახში მოჯამაგირე ბიჭები სულ კარავში, ნარიონალის გაღმა, ყავდათ და იმათ ზამთარ-ზაფხულ პირუტყვთან ერთად ჰქონდათ ბინა და საცხოვრებელი. მაგრამ ასეთი კულაკური ოჯახი ჩვენს სოფელში სულ მხოლოდ სამიოდე თუ იყო. მთელ სოფელში ოციოდე პროცენტი საშუალო, ხოლო დანარჩენი ღარიბი და უღარიბესი გლეხები იყვნენ. მახსოვს ოჯახები, სადაც ფეხსაცმელს იშვიათად ატარებდნენ და გასათხოვარ გოგონებს ტანზე შემოფუთული კაშები ეცვათ, რომ სიტიტვლეს ძლივსღა ფარავდნენ…

[ფ. 20]

  • 5.3.80

როდესაც ბოქაული ან მაზრის უფროსი ჩვენს თემში მოვიდოდნენ, ცხადია, მამის სტიმრები იყვნენ. ამასთან დაკავშირებით კარგად მახსოვს ერთი ეპიზოდი. მამას ხშირად, თითქმის ყოველთვის, ყავდა მდ. რიონში ჩაბმული ზუთხი ან ღლავი მაინც. ამასთანვე იქვე მახლობლად ნაპირზე ანკესები იყო გადაგდებული. კვირა მაინც იშვიათად გაივლიდა რომ ამ ანკესებს მოზრდილი თევზი არ დაეჭირათ. ღლავი, კობრი (сазан) ანდა სხვა რამე და არც თუ იშვიათი იყო ზუთხიც. სხვა თევზს უფრო ხშირად ჩვენთან სახლში მოიტანდნენ: ბიჭია, ან სხვა რომელიმე მეზობელი, უფრო მამის ბიძა-და ძმისშვილები. თუ დიდი იყო დაჭრიდნენ და ინაწილებდნენ. თუ ზუთხი იქნებოდა ის თვით მამასახლისის განკარგულებაში იყო. და ასეთ ზუთხს ხშირად იქვე თოკით წყალში ჩააბავდნენ. თუ არ ვცდები, თევზი ასე მთელი კვირაც კი შეიძლებოდა ცოცხალი [ფ. 21] ყოფილიყო. შენახვის (კონსერვაციის) სხვა საშუალება მაშინ სოფელში არ ქონდათ, თუ არა დამარილება.

ერთხელ ბოქაულს ქუთაისიდან ჩამოსული ვიღაც მაღალი მოხელე, რუსი, წამოუყვანია აქეთკენ აბაშიდან და თანაც შეპირებია ზუთხის მწვადებით გაგვიმასპინძლდებიანო… მოვიდნენ ჩვენთან… შეუდგნენ მზადებას… ოღონდ ზუთხი არ იყო. იმ დღეებში არ დაუჭერიათ. მე ვატყობდი – მამა ძლიერ შეწუხებული იყო და კაცი გაგზავნა კეთილარისკენ, მეზობელი სოფელია ისევ რიონის ნაპირას, იქნებ იქ ვინმეს აღმოაჩნდესო. იქიდანაც ხელცარიელი მოვიდნენ… სუფრას მთავარი კერძი, ზუთხის მწვადები აკლდა და ის-ის იყო მაინც პურობა უნდა დაწყებულიყო, რომ შარაზე (ქუჩაზე) გამოჩნდა ბიჭია გუგუშვილი და მალე ჩვენს ჭიშკარში შემოვიდა. ზურგზე თითქმის მისი სიგრძე ზუთხი ეკიდა… ყველანი წამოიშალენ, გარშემოეხვიენ და დაიწყო დიდი მხიარულება – ზუთხი მოვიდა… ზუთხი მოვიდაო!

ბიჭია, მართალია, უბრალო და ღარიბი კაცი იყო, მაგრამ უზომოდ თავმოყვარე… ბოქაულს მიმართა: ბატონო ბოქაულო, ზუთხი თევზია და როგორც სხვა თევზი არც ის დადის ხმელეთზე… ზუთხი კი არ მოვიდა, არამედ ბიჭია მეველე მოვიდა და ზუთხი მოიტანაო… რა თქმა უნდა ბიჭიას უკმეხობა არავის [ფ. 22] წყენია; უკეთ არავინ და თვით ბოქაულიც არ იმჩნევდა რომ რამე ეწყინა და დიდად ნასიამოვნები იყო: თავის მაღალ სტუმარს შეპირებული კერძი შეეძლო მიერთმია… ზუთხის დიდი ნაწილი, საღამოს რომ წავიდნენ, ბოქაულს გაატანეს, რაც მე ცოტა არ იყოს მეწყინა; ხოლო ბიჭია ძლივს მალავდა გულისწყრომას, და ერთი მაგრად შეაგინა “მაგ ყეყეჩ პრისტავს”, მათ ზუთხის გემო რა იციან, ღორის ქონი სჭამონო…

[ფ. 23]

  • 9.3.80

ჩვენს სოფელში ცხოვრობდნენ სხვადასხვა გვარისანი: ქობულიები (ცალკე უბანიც იყო სოფლის სიღრმეში – საქობულიო ერქვა), სიმონიები, ჩაჩავები, შელიები, ლაბარტყავები, გუგუშვილები, აბურჯანიები, გუგულავები, ფირცხალავები, საბულუები, კირცხალიები.

სოფელი მდ. რიონიდან სამხრეთისაკენ მიმავალი ორი დიდი გზის მიმართულებით იყო უმთავრესად გაადგილებული. ეს გზები რიონიდან ნარიონალისაკენ, ფიჩორისაკენ, ნიგოითის (გურიის) მიმართულებით მიდიოდნენ. შარა-გზის ორივე მხარეს იყო ეზოები, შიგ ჩადგმული სახლებით: ოდები და სამზარეულო მიწური სახლები. ოდა, რა თქმა უნდა, ყველას არ ქონდა – უმეტესობას მიწური სახლები ედგა. თითქმის ყველას ეზოში ედგა ნალია (სასიმინდე) მაღალ ბოძებზე, რათა სიმინდი არ დანესტიანებულიყო.

ზოგიერთ ეზოში ორი ნალია იდგა და თანაც მოზრდილები – იმის მიხედვით თუ ვის რამდენი სიმინდი შეეძლო მოეყვანა, რამდენი სათესი მიწა ქონდა. მარცვლეულიდან მოყავდათ აგრეთვე ღომი და ჭადი, რომლითაც ამ დროს [ფ. 24] ღომისღომი და ჭადისჭადი ეწოდებოდა, რამდენადაც ჩვეულებრივ, ალბათ უკვე დიდი ხნიდან, მე-18 ს. მაინც ჭადსა და ღომსაც უკვე სიმინდის ფქვილისაგან აკეთებდნენ. სიმინდმა ისინი ადვილად გამოდევნა, როგორც ნაკლებ შრომატევადმა და მეტი მოსავლის მომცემმა კულტურამ. ღომი და ჭადი თავთავიანი კულტურებია. მჭიდროდ ითესება და პატარა თოხით უნდა გაითოხნოს, მიწაც, ნიადაგიც, მათ როგორც საბაღბოსტნე, ისე უნდა დამუშავებული მოუმზადონ.

ჩემს ბავშვობაში მამა ყოველთვის სთესავდა ღომსა და ჭადსაც, ოღონდ ცოტა ფართობზე – 200-300 კვ. მეტრზე. ღომი და ჭადი ცალკე სათავსოში, უფრო სამზარეულოს სხვენზე ინახებოდა. ღომის საცეხვი თითქმის ყველა ოჯახში იყო იმავე სახლის გარედ კედელზე მიდგმული გაგრძელებულ სახურავქვეშ („ლაფარა” – ოღონდ განიერი – 1,5-2 მეტრისა). აქ იდგა შუაზე გადაჭრილი ქვევრივით ქვის საცეხველი – “ჩამური” დაახლ. 70-80 სანტ. ჩაღრმავებილი და ჯვარედინი, ერთი გრძელი ნაწილის თავზე ქუსლიანი, რაც ზედ ფეხებით შემდგარი ადამიანის მიერ ერთი ფეხით (უკანანაწილზე) დაჭერით ზეაღმართულ საცეხველს, მეორე ფეხით, წინაფიცარზე, რომელზეც ქუსლი იყო მიმაგრებული, მაგრა დარტყმით, ეს ქუსლი [ფ. 25, საპირისპირო გვერდზე ნახაზია] ჩამურში ჩაყრილ, სხვენზე გამშრალ-გაფიცხებილ ღომის თავთავებს ფშვნიდა… და ბოლოს მიიღებოდა დასუფთავებული ღომის მარცვალი, წვრილი, ფეტვისნაირი, რაც წყლით ირეცხებოდა და მერმე ქვაბში იხარშებოდა და ცოტაოდენი სიმინდის ფქვილის მირევით ჩაიზილებოდა. ასეთი ღომისღომი ყველთან – სულუგუნთან ან რძესთან ერთად ჩემთვის ფრიად საამო საჭმელი იყო.

გლეხის ეზოში, უმცირესობისა, იყო აგრეთვე ერთი ფრიად საჭირო ნაგებობა – ხულა. ჩვენი ხულა ფრიად მჭიდროდ, წაბლის ხის, ხელით ნათალი (იმის გაკეთების დროს ეტყობა ხერხი არ ჰქონდათ) ფიცრებისაგან იყო აშენებული.

მის წინ არც ისე განიერი (1,5 მეტრი) ბალკონი ქონდა. შიგნით იყოფოდა ფიცრებით გადატიხრული გაყოფილებების სახით: აქ ინახებოდა ცალკეულ განყოფილებებში, ან პირდაპირ შიგ ჩაყრილი ანდა სხვა ხის ან თიხის, ანდა კიდევ ტომრის ჭურჭელში ან გოდორში ჩაყრილი: ლობიო (ოთხ-ხუთნაირი), ცერცვი, ღომი, ჭადი, სიმინდის ფქვილი, ხილის ჩირი, ჩურჩხელები, ტკბილიკვერი, თაფლი, კაკალი, თხილი და სხვ.

ხულის ორ კედელზე თაროები იყო და იქ ელაგა [ფ. 26] ან ქვემოთ იატაკზე მიდგმული იყო დოქები, კოკები, ბოთლები, კასრები, ნიგები და სხვ. რომლებშიც ინახებოდა ღვინოები (ქვევრიდან სახარჯოდ ამოღებული), არაყი, ტკბილი სასმელები, თაფლი, დამარილებული თევზი და ხორცი, უფრო ღორის შაშხი, კვერცხები, მურაბები – სხვადასხვანაირი.

ხულა შედარებით მაღალ 1 მეტრიან ბოძებზე იყო შედგმული. დახურული იყო კრამიტით და მის სხვენზე კიდევ ზოგიერთი სურსათსანოვაგე ინახებოდა, ხოლო ერთი გადატიხრულ დაბალ და ადვილად მისასვლელ კუთხეში: ბებიას წამლები – ათასგვარი კენჭები, ძვლები, ფესვები, ბალახები, რქები, ირმის რქის ნატეხიც კი, კბილები, ქვემოთ ინახებოდა: ეს ფრიად სუფთა კუთხე იყოთავისი ასასვლელი მოკლე კიბეც ქონდა, რომელსაც თვით ბებია, როცა სურდა მიადგამდა და ადიოდა. აქვე იყო ფაიფურის, ხის, ქვისა და შუშის ჭურჭლები, ბოთლები, ჯამები, მათლაფები, კოლბები, რომლებშიც ბებია წამლებს აკეთებდა, ინახავდა და აძლევდა.

ეს ექიმბაშის აფთიაქი იყო. როგორც ამბობენ, ბებია მრავალ ავადმყოფობას კურნავდა, თვით ცოფსაც კი.

მახსოვს, ეზოში ურმები, რომლებითაც ცოფიანი ძაღლის დაკბენილი ავადმყოფები მოყავდათ… ზოგი სნეულების წამალს ავადმყოფის დაუნახავადაც აჭლევდა – ჭირისუფალთან გასაუბრების შემდეგ.

[ფ. 27] ბებია ამასთანავე იყო კბილის ექიმიც და ჰქონდა ამისათვის სულ ორიოდე ინსტრუმენტი, ბასრი დანა და ორი თუ სამი მარწუხი (გაზი), რითაც ხშირად, მერმე, პატარა ლურსმებსაც ვიღებდით (მისი გარდაცვალების შემდეგ).

სხვათა შორის, ბებიას გარდაცვალების შემდეგ მისი „აფთიაქიდან” ზოგიერთ წამალს დედაჩემი და მამაც კი აკეთებდა და არიგებდა. მამა ბიძაჩემის სიკვდილის შემდეგ (რომელიც ცნობილი ფერშალი – ფელდშერი იყო) ძალიან ხშირად უღებდა კბილებს არა თუ ჩვენი, არამედ მეზობელი სოფლიდან მოსულებსაც.

ბიძაჩემი – იოსებ გუგუშვილი, როგორც ნასწავლი სამხედრო ფერშალი და მერმე რაიონის ფერშალი, ხშირად ედავებოდა დედამისს (ბებიას) როგორც ექიმბაშს; მაგრამ, საბოლოოდ ისინი ერთმანეთს ითმენდნენ… მაგრამ ისიც მახსოვს, რომ კონსულტაციისათვის ბიძია იოსები უფრო ხშირად მიმართავდა ბებიაჩემს (დედამისს), ვინემ პირიქით… ბიძია მკურნალობისათვის, განსაკუთრებით წამლის რეცეპტს თუ გამოსწერდა, ფულს ღებულობდა. ბებია კი – არასოდეს, მას ექიმობა „ღვთისმშობლისაგან ჰქონდა შთაგონებული და მისი ხელდასმით მუშაობდა”;… ბიძაჩემი ზოგჯერ [ფ. 28] ექილიკებოდა დედამისს როგორც ექიმბაშს: „დედაჩემი მედეას მოწაფეა და არა ღვთისმშობლისო”. აქ ორაზროვანი ოხუნჯობა იყო. კოლხეთის მეფის ასული მედეა ექიმი და წამლების მკეთებელიც იყო… მაგრამ ამ ცნობილმა მკურნალმა, ერთი რომელიღაც გადმოცემით, საკუთარი შვილებიც დახოცა ვითომ… (თურმე, მომტაცებელი ქმრისაგან რომ ყავდა, საბერძნეთში).

[ფ. 29] ეს „დღიურში” უნდა ჩამეწერა. შემეშალა

[ფ. 29]

  • 7.4.80

ჩვენი სოფლის – კოდორის – სკოლას ეწოდებოდა: „განათლების სამინისტროს ერთკლასიანი სასწავლებელი”. იგი სამი განყოფილებისაგან შედგებოდა და აქ სულ ორი მასწავლებელი იყო. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ აბაშის ორკლასიან სასწავლებელში შემიყვანეს 1914 თუ 1915 წელს. იქვე ვცხოვრობდი ს. კაპანაში ზურაბ ცომაიას ოჯახში. აქ კიდევ ერთი ჩვენი ნათესავი ბავშვი, ჩემსავით მოწაფე ცხოვრობდა. ზ.ცომაიას ეზოში ერთი სამთვალიანი ოდა და ერთი მიწური სახლი და კიდევ 1 პატარა ნალია. მისი მთელი სახნავსათესიც მისი კარმიდამო იყო და აქ მოყვანილი სიმინდი, ლობიო, ხეხილი და სხვ. მის ოჯახს ინახავდა. ყავდათ 1 მეწველი ძროხა და ცალუღელა ხარიც.

მისი ერთადერთი ასული გათხოვილი იყო და სახლში მარტო მოხუცი ცოლქმარი ცხოვრობდა. მამაჩემი მათ გარდა ფულისა (ბინისათვის), აძლევდა აგრეთვე სიმინდის ფქვილს, [ფ. 31] ყველს, ლობიოს, ქათამს, შაშხს და სხვ. რაც კი საჭირო იყო ჩემთვის საჭმელად. დღეში სამჯერ ცხვებოდა ჭადი, ხანაც აკეთებდნენ ღომს და ჩვენს მიერ მიტანილი საჭამადით გვიმასპინძლდებოდნენ ორივე მოწაფეს. საჭმელს, როგორც წესი სამზარეულოში ვჭამდით და აქ პატარა ტაბაკს ჩვეულებრივ ოთხი სული მივუსხდებოდით. საჭმელს ოჯახის უფროსი გვინაწილებდა. ჩვენს წინ ალაგებდა ის ჩვენს კერძს და ბოლოს, უფრო ხშირად, სუფრაზე ნამცეცებიც კი არ რჩებოდა. მხოლოდ წყალი იყო სურვილისამებრ განუსაზღვრელი რაოდენობით დასალევი და ამისათვის სუფრის გვერდით, მიწაზე მოზრდილ დოქში ყოველთვის საკმარისი წყალი მოიპოვებოდა. 1-2 საინი, დანა და ჭიქა ჩვენივ გვქონდა და მას ჩვენვე გავრეცხავდით ჭასთან დადგმულ ჯირსკასა და როფზე.

აქ ცხოვრება ერთფეროვანი იყო. დილას სკოლაში დროზე წასვლა. იქ მეცადინეობის შემდეგ პირდაპირ სახლში დაბრუნება… პარასკევობით აბაშაში ბაზრობა იმართებოდა და მე მიყვარდა სკოლიდან სახლში მომავალს ბაზარში გავლა. ზამთრობით კვირაში ერთხელ მაინც აქ შემეძლო მეყიდა ხილი: ვაშლი, მსხალი, თხილი, კაკალი, ხურმა და სხვ. რასაც, უფრო ხშირად, სახლში მისვლამდე გზაშივე შევჭამდი ხოლმე. თუ ბაზარში ვინმეს ჩვენს სოფლელს გავავეყრებოდი შემაგვიანდებოდა. იგი მომიყვებოდა [ფ. 32] სოფლისა და ჩემი ოჯახის ამბებს.

ჩემი მასპინძლის მოვალეობა იყო: არ დამკლებოდა სასმელ-საჭმელი და მქონოდა თბილი ლოგინი. ერთ დიდ ოთახში ვიწექით მე, მეორე მოწაფე და ოჯახის უფროსი. თვით დიასახლისი და მათი შვილიშვილი, მოზრდილი გოგონა მეორე ოთახში წვებოდნენ. ზამთრობით გათბობით მხოლოდ ჩვენი ოთახი თბებოდა. აქ იდგა თუნუქის („ჟესტის ფეჩი”).

თუ როგორ ვსწავლობდით, ეს საკითხი მასპინძელს საერთოდ არ ეხებოდა. ის არასოდეს გვეტყოდა: დაჯექით, იმეცადინეთ, წიგნი წაიკითხეთო. თვითონ საერთოდაც არ იცოდა წერა-კითხვა და ამისათვის არც დარდობდა.

თითქმის ყოველ შაბათს მეცადინეობის შემდეგ, თუ ძალიან ცუდი დარი არ იყო, მივდიოდი სოფელში. – ეს გზა დაახლოებით 6-7 კილომეტრს უდრიდა და არ მახსოვს ოდესმე დამზარებოდა მისი გავლა. სახლში, ცხადია, ყოვლთვის მიმიხაროდა, განსაკუთრებით სანამ დედა ცოცხალი იყო.

[ჩამატება ფ. 31 უკანა მხარეს] აბაშაში სწავლის დროს, 1915 წ. ერთხელ ძლიერ ავად გავხდი – მუცლის ტიფით. თურმე სასიკვდილოდ ვიყავი გამზადებული. მამას ერთი ექიმი მოუყვანია სენაკიდან (სამაზრო ცენტრი იყო). მას უთქვამს, ძნელი გადასარჩენია, მაგრამ იქნებ ვუშველოთო. მამას უთხოვი, რომ ის ჩვენთან სახლში დარჩენილიყო სანამ არ მომარჩენდა… და მიუყვანია ქალთასთან. უჩვენებია შიგ პირუტყვი – ორი ხარი, სამი მეწველი ძროხა, ხბოები… კიდევ ცხენებიც და უთქვამს. ფული არა მაქვს და ამ პირუტყვიდან, რამდენსაც მოითხოვ მოგცემ, ან გავყიდი და ფულად მოგართმევო. მას ორი მეწველი ძროხა უთხოვია… და მართლაც სანამ ფეხზე არ დამაყენა არ წასულა. მხოლოს წამლების მოსატანად მიდიოდა და ისევ ბრუნდებოდა… ბოლოს, მხოლოდ ერთი ხბოიანი ძროხა წაუყვანია და რამდენიც ურემზე დაეტეოდა ხორაგეულობა: სიმინდი, ღომი, დაკლული ღორი, ღვინო, ჩურჩხელები, ყველი, ქათმები და სხვ. [ჩამატების ბოლო]

1916 წელს აბაშაში გაიხსნა 4 კლასიანი საქალაქო სასწავლებელი, სადაც, ცხადია, მამამ მაშინვე გადამიყვანა. აქ დავყავი 1-2 წელიწადი. ხოლო მერმე ფოთში წამიყვანეს, სადაც ჩემი დეიდა ცხოვრობდა თავისი ოჯახით – ეს იყო დიანოზ ლასარეიშვილის ოჯახი. იგი სამიოდე წლის [ფ. 32] წინად გადასახლდა ფოთში ნოსირიდან (ტყვირიდან) და ფოთის პორტში მუშაობდა მტვირთავ მუშად. მე, ობოლს, აქ დეიდა, თავის ბავშვებთან ერთად, ცხადია, უკეთ მომივლიდა, ვინემ ეს შეიძლებოდა აბაშაში – უცხო ხალხის ოჯახში. თანაც ფოთში სწავლების უფრო მაღალი დონე იყოდა მამას უმთავრეს საბუთად, თუ რატომ გადამიყვანა ფოთში – სწორედ ეს მიაჩნდა.

[ფ. 33]

  • 5-6 აგვისტო 1980. ბორჯომი. „ლიკანი”

ქ. ფოთში თავდაპირველად ექვსკლასიან საქალაქო სასწავლებელში დავდიოდი. მერე 1917 წლიდან უკვე ფოთის გიმნაზიაში გადამიყვანეს. ფოთის გიმნაზია ცნობილი იყო თავისი მასწავლებლებით. აქ მუშაობდა შემდეგში ცნობილი მეცნიერი სერგო დანელია, მიხეილ კინწურაში (მწერლობაში – იასამანი), ბესარიონ წიფურია და სხვ. აქ კარგად იყო დაყენებული ბერძნული და ლათინური ენებისა და ლიტერატურის სწავლება, აგრეთვე ფრანგული ენისა.

ფოთში პირველად ვიგრძენი, რომ მე ბავშვობა უკვე გავათავე, თუმცა ჯერ კიდევ 13-14 წლისა ვიყავი. აქ 1918 წ. ოდესიდან და რუსეთის ახვა ქალაქებიდან [გაგრძ იხ. 35 გვერდიდან. ფ. 35] ბლომად ჩამოვიდა, დროებით, ევროპისაკენ მიმავალი რუსეთის ოფიცრობა და საერთოდ ბურჟუაზია-არისტოკრატია. ერთხანობით ფოთი გაივსო წითლებისაგან გამოქცეული ემიგრაციით… ფოთის ბაზარზე კი იყიდებოდა ამ ოჯახების მრავალგვარი ნივთები, კერძოდ გენერლებისა და სხვ. ჩინ-ორდენ-მედლები, კოსტიუმები, ჩექმები, ხმლები, პისტოლეტები, ძვირფასი ტანისამოსი, მოსასხამი, ჯამ-ჭურჭელი, ოქროვერცხლის სამკაულები და სხვ. მრავალი.

დავდიოდი ამ ჭრელ ბაზარზე, სადაც ხსენებულ ნივთებთან ერთად იყიდებოდა ხილი და სასმელ-საჭმელი, საერთოდ ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვ. მახსოვს ერთმა ჩვენი სკოლის მოწაფის ძმამ სოფლიდან მოტანილი ჭაჭის არაყსა და ჩურჩხელაზე გაცვლით შეიძინა გენერლის მთელი მუნდირი… რასაც ჩვენ მერე მის ბინაში ვიზომებდით და გამოჯგიმული ვიპრანჭებოდით ერთმანეთისა და სარკის წინ. ხოლო მყიდველმა, ყოფილმა ჯარისკაცმა, გვითხრა, სოფელში უნდა წავიღო, ასკანაში, და ამ კოსტიუმში რომელიც ორი წლის წინ უსაშველოდ მაშინებდა, ახლა სიმინდის ყანა უნდა ვთოხნოვო.

[ფ. 36] იმ ხანებში ფოთის ბაზარი მთელი სანახაობა იყო. და მე როგორც სკოლაში, ისე აქაც მაოცებდა წიგნები და ადამიანები, რომლებიც ხშირად ტანზე იხდიდენ და აქვე ყიდდენ იმას, რისი მყიდველი გამოჩნდებოდა.

ერთი წიგნი – „ფრანგულის თავითმასწავლებელი”, ვიყიდე უფრო იმიტომ, რომ ასე ძვირფასად შეკაზმული წიგნი მანამდე არსად არ მენახა. გამყიდველმა, ეტყობოდა ფრიად მაღალი წრის მანდილოსანი იყო, იქვე მდგარ ახალგაზრდას, ალბადშვილს, რომელსაც ფრანგულად ელაპარაკებოდა, გამოართვა და კიდევ ორი წიგნი მაჩუქა, მას მერმე, როცა „ფრ. თვითმასწავლებლის” ფასი მივეცი. მე არმინდოდა წამომეღო, მაგრამ ძალით მომაჩეჩა ხელში…

შემდეგ დეიდამ ბაზარში არ გამიშვა – ამდენ წიგნში ალბად მთელი შენი ფული დახარჯეო… წიგნები იმ დღეს მამაშენმა იმდენი გიყიდა, ჯერ ისინი სანახევროდ არ წაგიკითხიაო და სხვ.

თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუცია რომ დაიწყო, აბაშისა და ფოთის ხკოლებში ვიყავი და ჩემთვის ეს როგორც რომანტიკული და თავგადასავლური მოთხრობის სახით გამოიყურებოდა… ის ხდებოდა რაც ვითომ მანამდეც ხდებოდა, თუმცა [ფ. 37] სხვანაირად და სხვა რიგად. ვესწრებოდი მიტინგებს, სადაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები გამოდიოდნენ, ხოლო პოლიტიკური პარტიები სოკოსავით ჩნდებოდნენ. მენშევიკები, ბოლშევიკები, ფედერალისტები, კადეტები, ნაციონალსოციალისტები, ეროვნულ დემოკრატიული პარტია და სხვ.

სკოლებში შესვენების დროს, დერეფნებში გამოდიოდნენ ორატორები, უფრო თვით სკოლის მაღალი კლასის მოწაფეები და მოგვიწოდებდნენ ამა თუ იმ პარტიის მომხრეები და წევრები გავმხდარიყავით…

უკვე მეხუთე კლასში ვიყავი ფოთის გიმნაზიისა, როდესაც მალიარიით ძლიერ ავად გავხდი. მამა ჩამოვიდა. იმ დროს ფოთში ცნობილი ექიმი იყო ტერნიკოგოროვი. მამა თურმე მას კარგად იცნობდა… საბოლოოდ დადგინდა, რომ ფილტვების დაჩრდილვა მაქვს და ფოთში შემდგომი დარჩენა ტუბერკულიოზის განვითარებით იმუქრებოდა. იმავე წლის ზაფხულში ბახმაროში წამიყვანეს. აქ მამას ქონდა ერთი პატარა ძელური სახლი (“ჯარგვალი”), სადაც საკმაო დრო მაქვს გატარებული და ორიოდე შემდგომი წლებიც ვიყავი. ეტყობა აქ მოვრჩი. მაგრამ ფოთში დაბრუნება მაინც [ფ. 38] გამორიცხული იყო…

სწავლის გაგრძელების მიზნით ქუთაისში წამიყვანეს, სადაც საშუალო განათლების კურსი გავიარე. პირველად მხეიძის კურსებში ვსწავლობდი. ერთ წელიწადში ორი წლის, მეექვსე-მეშვიდე, ორი კლასის საგნები ჩავაბარე და მერმე ტექნიკუმში შევედი, რომელიც 1922 წ. დავამთავრე.

ქუთაისში ჯერ გიმნაზიის მასწავლებლის ლუქვინამის (ღუქვინამის?) სახლში, ხოლო მერმე ყოფ. პოლკოვნიკ კ.ნიჟარაძის სახლში ვცხოვრობდი. აქ კარგად მივლიდნენ. დიასახლისი მის ორ შვილიშვილსა და მე პატრონობას არ გვაკლებდა. პურმარილობა იყო და მამას თითქმის ყოველ თვეში ერთხელ ჩამოჰქონდა საკმაო სიმინდის ფქვილი, ყველი და სხვა პროდუქტები, რაც აქ ოთხ კაცს სჭირდებოდა. ამაში ჩემი მოვლა, კვება და ბინის ქირაც შედიოდა. მე ჩემთვის მქონდა კარგი მზიანი ოთახი მეორე სართულზე – რაც მამამ თვითონ შეარჩია იმ სახლში და სურსათით, კერძოდ ჭადით ყველას მომარაგება იკისრა. ყოველი ჩამოსვლისას მამა ქუთაისში ჩემთან 3-4 დღე რჩებოდა, კონტროლისათვის. მე სიგარეტის წევას შევეჩვიე და სწორედ ამის აღკვეთა მას აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდა.

[ფ. 39] კარგად მახსოვს ერთხელ პაპიროსის მწევლებს მოგვისწრო და დიდი სკანდალი ატყდა. ს.მაღლაკიდან სახლის პატრონი კ.ნიჟარაძე ჩამოიყვანა. მისი ორი ვაჟი, დედა (ბავშვების ბებია) და მე ვიყავით ერთად. მამაჩემი მოითხოვდა უთუმცაო აღთქმას და პირობას, რომ სამივე ბიჭი (ჩვენ) თამბაქოს წევას მივატოვებდით. მას ძალიან ეშინოდა, რადგან ჩემთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, ეს აუცილებლად მიაჩნდა. საბოლოოდ თავისას მიაღწია… მაშინ ათი დღე იყო ქუთაისში, ჩემს ოთახში იწვა და მთელი დღე გვიდარაჯებდა. წასვლისას მითხრა, რომ ხშირხშირად ჩამოვალ და თუ თამბაქოს წევას არ მიატოვებ თავს მოვიკლავო, რადგან შენ იგი მოგკლავს, ხოლო შენს მეტი ვაჟი არ დამრჩენია და რაღასთვის უნდა ვიცხოვროო და სხვ. და სხვ. მართლაც, მივატოვე და მერმე არ დამიწყია… ახლა დარწმუნებული ვარ, რომ არ მიმეტოვებია აქამდე ცოცხალი ვერ მოვაღწევდი.

[იხ. II გვ. (-ჩანართი)] ქუთაისი იმ დროს პოეტებით იყო სავსე. სკოლაშიც მოწაფეები გვიკითხავდნენ თავიანთ ლექსებს. მეც დავიწყე ლექსების წერა და სხვებთან ერთად, როდესაც გაკვეთილებზე მასწავლებელი არ მოვიდოდა, რიგრიგობით ავდიოდით კათედრაზე, და იმართებოდა… ლექსების ტურნირი.

ერთხელ ზარი უკვე დარეკილი იყო და მასწავლებელი არ მოვიდა. – ორიოდე მოწაფის შემდეგ მე გამოვედი და დავიწყე კითხვა, ეტყობა ისე ვიყავი გატაცებული რომ ვერ შევამჩნიე: თურმე მასწავლებელი მ.კელენჯერიძე შემოსულა კლასში და ყურს მიგდებდა. როდესაც შევჩერდი, ხმამაღლა მკითხა: ვისი ლექსი იყოო. მე დავიბენი. მოწაფეებმა უთხრეს აქ ჩვენ მხოლოდ საკუთარ ლექსებს ვკითხულობთო.

იმ დღეს კელენჯერიძემ მთელი გაკვეთილი მიუძღვნა საკითხს თუ რა არის ლექსი, ლექსთაწყობის, მეტრის, რითმის და სხვ. შესახებ ილაპარაკა. ხოლო ერთი თვის შემდეგ სპეციალური გაკვეთილი დანიშნა, სადაც ყველა მსურველს შეეძლო გამოსვლა და თავისი ლექსების წაკითხვა, რაც ძალიან მოგვეწონა. [(ჩანართის ბოლო)]

ქუთაისში ბევრი რამ ვისწავლე, სკოლის გარედაც. აქ საბოლოოდ დავემშვიდობე ბავშვობას და მივეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას, რაც სულ უფრო რთული და მრავალწახნაგოვანი [ფ. 40] ხდებოდა. მე უკვე თავს ვგრძნობდი არა თუ მხოლოდ საშუალო სასწავლებლის კურსდამთავრებულ, სიმწიფის ატესტატის პატრონ კაცად, არამედ აგრეთვე მოქალაქედ, რომელსაც თავისი აზრი და პოზიცია აქვს არა თუ საკუთარი ცხოვრების შემდგომი მიმართულებისათვის, არამედ, ამასთანავე, ქვეყნის, საზოგადოების სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თაობაზე…

თბილისში გადასვლა და უნივერსიტეტში შესვლა რიგ სიძნელესთან იყო დაკავშირებული. 1922 წ. აქ ბიძისა და დეიდის, იონა კიზირიასა და მისი დის აღათი ბოკუჩავას ოჯახში ორიოდე თვე ვიყავი. სოფელში დაბრუნებულმა თან წავიღე ბ.ბელინსკის თხზ. კრებული ოთხ ტომად, რომელსაც მთელი ზაფხული განუწყვეტლივ ვკითხულობდი, ვსწავლობდი, ამონაწერებს ვაკეთებდი და რომელიც ჩემი გზამკვლევი გახდა საერთოდ ლიტერატურისა და კერძოდ მხატვრული ლიტერატურის დარგში… ვგრძნობდი, რომ ამ წიგნმა ამამაღლა ტოლ-სწორთა წარმოდგენაშიც… მათზე მეტი და ბევრი ვიცოდი…

ახლა ისევ უკან უნდა დავბრუნდე და სანამ თბილისში სწავლისა და ცხოვრების ამბებს შევეხებოდე, მინდა ისევ სოფლისა და ჩემი ოჯახის შესახებ მოვყვე.

[ფ. 41]

  • 13.8.80 ბორჯომი „ლიკანი”

საერთოდ აბაშაში ვსწავლობდი, ფოთსა თუ ქუთაისში ზაფხულსა და საერთოდ არდადეგებს სოფელში ვატარებდი.

ჩემი ბავშვობის წლებში (1912-1920) ს.კოდორში ჩვენს მეზობლად, ერთ შარაგზაზე, რიონის სანაპიროდან რომ სოფლის ცენტრისა და მერმე გურიისაკენ მიდიოდა, ცხოვრობდნენ: რიონის მხარეს: მამის ბიძაშვილების ნაშურნი ტარიელ და პეპუ გუგუშვილების (ძმების) ოჯახი. მერმე პეტრე ესაკიას ოჯახი, ის ხსენებული გუგუშვილების დის ქმარი იყო ზედსიძედ მოსული. მერმე კაჭარავების და ბოლოს კიდევ ქობულიას კარმიდამო იყო. ამ გზის მეორე მხარეს ცხოვრობდნენ შელიები, სიმონიები და კაჭარავები.

სოფლის ცენტრისაკენ მიმავალი გზის გასწვრივ ცენტრამდე იყო შელიების, აბურჯანიების, ბზიავების, გუგულავების, სისკამიების, ჩაჩავების, შელიების კარმიდამოები…

ამ ოჯახთა უმრავლესობა ღარიბი იყო, სულ სამიოდეს ედგა ოდა. დანარჩენები მიწურ სახლებში ცხოვრობდნენ. [ფ. 42] ერთერთი ასეთი იყო პ.ესაკიას ოჯახი. მას ოთხი ასული ყავდა, ოთხივე გასათხოვარი. მათი მიწური სახლი ორ ოთახიანი იყო. ერთში, პატარაში, შუაცეცხლი იყო, იგივე იყო სასადილოც და ცოლქმრის საწოლი. მეორე უფრო დიდში ეძინა ოთხსავე ქალიშვილს. აქ ფრიად დიდი სისუფთავე სუფევდა. ლოგინზე გაქათქათებული საბნები და ბალიშები, სულ მოქარგულები და ბორდიურებით შემკულები იყო. შუაში მაგიდა და მერმე რამდენიმე უბრალო სკამი იდგა. სტუმრებს აქ ღებულობდნენ. კედელზე ჩონგური და გიტარა ეკიდა. ოთხივე და უკრავდა და მღეროდა. ეცვათ საკმაოდ კარგად და მოხდენილად… სუფთად, გაკრიალებულად.

პეტრე დღედაღამეს ასწორებდა მუშაობით. ყანიდან გვიან საღამოს ბრუნდებოდა. ქალიშვილებს ეზოს პაწაწინა ბაღბოსტანს გარდა სხვაგან, ყანებში, სამუშაოდ არ უშვებდა. ესირცხვილებოდათ სათოხარში გოგოების გაყვანა და უმზითვობისა და სხვ. მიზეზის გამო მათი გათხოვებაც, თუმცა ლამაზები და კარგები იყვნენ, ვერ ხერხდებოდა. უფროსი ვითომ სოფლის მასწავლებელს უნდა შეერთო, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მან მზითევი იცოტავა. ამ ოჯახს სულ ორი ძროხა და უღელი ხარი ყავდა. უმეტესად იჯარით აღებულ მიწას ამუშავებდა და მთელი მოსავლის მესამედი [ფ. 43] მიწის პატრონს მიქონდა. ქალები კი სულ ასაკში შედიოდნენ. მძიმე მდგომარეობა იყო… უფროს ასულს ჭლექი შეეყარა. ყველაზე უმცროსი, მარია, დედაჩემის მონათლული იყო და ჩვენთან წამოიყვანეს – თავის ოჯახს მოარიდეს. მაგრამ ეს არ იყო საკმაო დახმარება… ტუბრკულიოზი მერმე მეორესაც დაემართა… და ასე ნელნელა ეს ოჯახი სულ გაქრა, ამოწყდა. მხოლოდ მარია გათხოვდა სხვა სოფელში და შექმნა ოჯახი.

1930-იანი წლების შუაში სოფელში რომ ვიყავი მათ ეზოში ის ერთადერთი სახლიც სახურავჩაქცეული იყო და სრული უპატრონობა სუფევდა იმ კარმიდამოში. 6 სულისაგან შემდგარი ოჯახიდან არაფერი დარჩენილა. წინა წლებში მარიას მოუკითხია, ჩვენსას მოსულა და მისი მშობლების ნასახლარიდან, სამახსოვროთ, ერთი ძველი თოხი წაუღია. სხვა ლითონისა და თიხის იარაღ-ჭურჭლეულიდან არაფერი არ უპოვნია. მთელი კარმიდამოს ხისგან ნაკეთები ნივთები ან დამპალი და ან განადგურებული ყოფილა… და ყოველივე გამქრალა…

„…ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება…” ოჯახში არ ქონიათ არც ერთი ვერცხლისა ან ოქროს ნივთი. სპილენძის ტასტი ქონდათო, მაგრამ დაკარგულა.

[ფ. 44] ქუთაისში ჩემზე ადრე ჩვენი სოფლიდან იყო მხოლოდ ორი მოწაფე. ერთი მღვდლის ვაჟი და მეორე შეძლებული ოჯახის ვაჟი. ისინი 4-5 წლით ჩემზე უფროსები იყვნენ და ფრიად ცნობილი მოქეიფე და დარდიმანდი ბიჭები, როდესაც სოფელში ჩამოდიოდნენ აქ სულ ქეიფსა და დროისტარებაში იყვნენ, მერმე გვარდიის ოფიცრები გახდნენ…

მამას არ უნდოდა, რომ მე მათს წრეში ვყოფილიყავი და ამას ასაკობრივი განსხვავებაც ხელს უწყობდა. მალე ჩემს კვალზე მამაჩემის ხელშეწყობით ორი ჩემი ტოლი ყმაწვილი ჩამოვიდა ქუთაისში სასწავლებლად. ისინი კარგად სწავლობდნენ, მაგრამ რევოლუციებით და სხვა მიზეზით გაძნელებულმა ვითარებამ ჩამოაშორა სკოლას. ისე მოხდა, რომ ყველა ამათგან მხოლოდ მე შევძელი უნივერსიტეტის დამთავრება… – და ამ მხრივ პირველი ვიყავი მთელ სოფელში…

ქუთაისში ახალი ჩასული ვიყავი. კ.ნიჟარაძის ოჯახში ვიყავი სრული პანსიონატის პირობებში. თვით კ.ნიჟარაძე ს.მაღლაკში ცხოვრობდა, ხოლო მისი ორი ვაჟი, ვალოდია და შალვა ქუთაისში, სწრედ [ფ. 45] იმ სახლში, სადაც მე ვიყავი მათი ბებიის მეთვალყურეობით. ეს ბებია გვიკეთებდა საჭმელს, გვირეცხავდა საცვლებს და სხვ. ვალოდია უფროსი იყო, შალვა ჩემი ტოლი. ორივე ყოფილ სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდნენ. ვალოდია უკვე ცნობილი იყო, როგორც დარდიმანდი, მოქეიფე და დამრტყმელი ბიჭი.

ერთხელ სკოლაში ჩხუბი მომივიდა ერთ მოწაფესთან. რომ მე პირველ რიგში ვჯდებოდი და პარტაზე ვითომ მის ადგილს ვიკავებდი. ერთხელ დამემუქრა: იმ ადგილზე არ დაჯდე თორემ გცემო. მე მეორე დღეს მაინც იმ ადგილზე დამინახა. მომვარდა, მაგრამ ამ დროს მასწავლებელი შემოვიდა და მომეშვა.

შესვენებაზე სკოლის ეზოში, რიონის ნაპირას, დიდი ჭანდრების ქვეშ ვიდექი. მომვარდა ვიღაც, მეორე კიდევ მოეხმარა და მომერიენ, მცემეს… სახლში ხალათშემოხეული დავბრუნდი. შალვამ გამომკითხა და ყველაფერი ვუთხარი. მეორე დღეს შალვამ სკოლაში მომაკითხა. ის ბიჭები მაჩვენეო. მე უარი ვუთხარი. არ დამიჯერა: შენ ჩვენი სტუმარი ხარ და შენი ცემა ჩვენი ცემაც არისო. ვალოდია აქაა, ქუჩაში [ფ. 46] სეირნობს, ახლა სადაცაა გაკვეთილები გათავდება და გარედ რომ გამოვლენ ჩვენ ვუჩვენებთო… ამ ლაპარაკში რომ ვიყავით ის ბიჭები თვითონ მოვიდნენ ჩემთან და დამემუქრეს: დღეს ამ მეორე ხალათსაც შემოგახევთო… ამგვარად, შალვამ გაიგო თუ ვინ იყვნენ… გარეთ ვართ ქუჩაზე… სკოლას საკმაოდ დავშორდით. ამ დროს მოვარდა ვალოდია და შეგვაჩერა… მალე ის ბიჭები წინ დამიყენა და იმათ უთხრა: აბა შემოახიეთ ახლა ხალათიო. ორივე მეცენ… და ახლა არც იყვნენ საამისო გუნებაზე. ვალოდიამ ერთს საყელოზე წაავლო ხელი და განზე გააჩერა: თითო-თითოდ მიდით, ორი ერთის წინააღმდეგ სად გაგონილაო. რაკი ხელში ერთი შემრჩა მე ის იმწამსვე მოვიგდე ქვეშ და ვსცემე. ვალოდიამ მისთვის ხალათის შემოხევა მოითხოვა. მე როგორღაც ეს ვერ გავაკეთე. ვითონ მივარდა ეცა და ხალათი მთელ ტანზე შემოახია. ამასობაში მეორე გაიქცა. იმას შალვა დაეწია და წააქცია. ვალოდიამ მითხრა მიდი და რამდენიც გინდა ცემეო. ერთი-ორი მაგრად ვუთაქე, მაგრამ ამასობაში ხალხი მოგროვდა და ჩვენც დავიშალეთ…

[ფ. 47] რამდენიმე დღის შემდეგ ვალოდია სკოლის ეზოში ვნახე. იქ მოთამაშე ბავშვებს გამოუცხადა: პაატა ჩვენი, ნიჟარაძეების, სტუმარია და ყველამ იცოდეთ და არა დაუშაოთ რა, თორემ ჩემთან გექნებათ საქმეო… და უთხრა, თუ როგორ გავუსწორდით წინა დღეებში იმ ბავშვებს…

ყოველ შაბათ საღამოს სამივე ბიჭი მაღლაკში მივდიოდით ვალოდიას და შალვას მშობლებთან. კოწია ნიჟარაძე თავმოყვარე კაცი იყო. ზაფხულ-შემოდგომაზე კვირა დღეს მის ოჯახში სადილი, თუ მზიანი დღე იყო, ეზოში, კაკლის ხის ქვეშ, თუ არა და სახლის ფართო ბალკონზე იმართებოდა… და იყო გრძელი სადღეგრძელოები, სიმღერა, ცეკვა.

კოწიას უყვარდა, როდესაც ჩვენი ეტლი მის ჭიშკრის წინ გაჩერდებოდა. დაგვინახავდა თუ არა ერთ ხმაურს ატეხდა: ბიჭები მოვიდნენ, ეტლით მოვიდნენ, კარები გაუღეთ, ეზოში შემოუშვით, მეეტლეს ღვინო ასვითო და სხვ…

[ფ. 48]

  • 30.10.81

მხოლოდ დღეს, ღამის 1 საათზე, ისიც წყნეთში, ვკიდებ ხელს ჩემს მოგონებებს და მინდა გავაგრძელო…

… ერთხელ საეტლო ფული არ გვქონდა და დილიჟანსს გამოვყევით. ის ცოტა ზემოთ ჩერდებოდა და ნიჟარაძეების სახლში მოვედით… როგორ, ფეხით მოხვედით? – გაიკვირვა კოწიამ. ვალოდიამ უთხრა დილიჟანსს გამოვყევითო! როგორ, ნუ თუ? – სამ ვაჟკაცს ფაეტონის ფული არ გაგაჩნდათ… მეორეჯერ არ დავინახო… ბებიასათვის გეთქვათ და ის მოგცემდათ თქვე გლახაკებო!

და დაიწყო ქოთქოთი, ხუმრობა, აბა ჩქარა სუფრა გაშალეთ… ღვინო შავი გირჩევნიათ თუ თეთრი?! შემწვარი გოჭი შეათბეთ, ჭადები მიაფიცხეთ, ხაჭაპურები გააცხელეთ და სხვ. – ყვირის ბალკონიდან… უნდა რომ მეზობლებმა გაიგონონ, განსაკუთრებით უნდა დაახარბოს მის ძმას დათა ნიჟარაძეს – უახლოეს მეზობელს.

[ფ. 49] ეს დავითი (დათა) მდიდარი იყო და კოწიას სულ იმის ქონების დარდები აწუხებდა: რად უნდა, რაში უნდა მოიხმაროს; შვილებს მაგი არ ასწავლის და ამაში ფულები არ ეხარჯება, საფლავში-ღა შეუძლია ჩაიტანოსო… და ზედვე ისევ ხმამაღლა მიაყოლებდა, იძახდა: გაზეთები ხომ ჩამოიტანეთ, რა ახალი წიგნები გიყიდიათ ბიჭებო, აბა მაჩვენეთ, წამიკითხეთო და სხვ.

ნამდვილად, ღარიბული სუფრა გაიშლებოდა. სადღა იყო გოჭი, ან ხაჭაპურები! ის კი უნდა ითქვას, უღვინოდ კოწია სადილს არ მიირთმევდა და ის ღვინო როგორც გინდ შელანძღული არ ყოფილიყო, ნახევრად ძმარიც კი… იძახოდა ჰოხ! რა ღვინოა, ღვინო კი არა ზიარებაა, ნამდვილი ზიარებაა! ბოლოს სუფრაზე გოჭისა და ხაჭაპურის ორიოდე ნაჭერს შემოდგამდნენ და – გვეყოფა, მეტი ჭამა არ შეგვიძლიანო!

ისეც ხდებოდა. სხვა დროს სოფელში ქუთაისიდან ფეხითაც ჩავიდოდით და ზედ სოფლის თავზე, მოსახვევში მეეტლეს ერთ აბაზს მივცემდით, რომ ეტლი ერთი გაერეკა და ზედ ნიჟარაძეების ჭიშკართან მიეგდო – ვითომ რაო და [ფ. 50] ქუთაისიდან ეტლით ჩამოვედით და რომ კოწიას თავისი ტრაბახი არ მოეშალა!

1922 წლის მაისია, მე ტექნიკუმს ვანთავრებ… ივნისს საბოლოო გამოცდები მიდის… სკოლის ეზოში მოწაფეები ირევიან. გოგონები… ბიჭები. საღამოვდება. დიდი ნაწილი მივდივართ ბაღში… გზაზე ლაპარაკია თუ ვინ როგორ ჩააბარა გამოცდები, თუ ვინ როგორი კარგი იყო გამოცდებზე, თუ ვინ სირცხვილი ნახა გამოცდებზე, თუ ვინ გაგორდა გამოცდებზე და ა.შ….

და დაახლოებით იქ, სადაც ახლა აკაკის ძეგლია ათიოდე კაცს ერთბაშად სამხედროების ალყა შემოგვერტყა… მილიციაც გაჩნდა და… გვიბრძანეს, მთავრობის სახელით, რომ გვაპატიმრებენ და უნდა გავყვეთ… მერმე სულ ჩეკას ეზოში შეგვრეკეს – ეს სახლი წინად ოლდენბურგის სასახლე ყოფილა. უკვე ღამე იყო… გოგონები მალე გაუშვეს, ხოლო ჩვენ ხუთიოდე ბიჭი ადამიანებით სავსე დიდ დარბაზში შეგვიყვანეს და დილამდე იქ ვიყავით, [ფ. 51] ისე რომ წამოსაწოლი ადგილიც ზოგს არ ქონდა. იმ ღამეს და მეორე დღესაც აქ ბევრი პატიმარი მოიყვანეს. საერთოდ დიდი სივიწროვეც იყო… მესამე დღეს გამოირკვა, რომ თურმე ჩვენ დაგვაპატიმრეს, რადგან გამოსვლების მომზადებაზე გვქონდა შეკრება და მსჯელობა… ჩვენ რომ გამოცდებზე ვსაუბრობდით, თურმე ასე გაუგიათ… ყველანი გარეთ გამოგვყარეს, სხვებიც ბევრი გაანთავისუფლეს და ასე გამოვიარეთ ეს „დიდი ყაზარმობა”…

იმავე 1922 წლის ზაფხულში ქუთაისიდან სოფელში დავბრუნდი – უკვე სიმწიფის ატესტატით. მალე ჩვენს ოჯახში დიდი თათბირი გაიმართა. მეზობლები მამას სთხოვდნენ, რათა მე მასწავლებლობა დამეწყო სოფლის სკოლაში, რდგან სხვა არავინ ეგულებოდათ, რომ ეს სამსახური ეკისრა. წინანდელმა მასწავლებელმა უკვე დასტოვა ეს სკოლა… და ახლა ერთი მასწავლებელი აკლდათ. ხელმოკლეობაც გვჭირდა. თბილისში წასვლისა და სწავლის გაგრძელებისათვის საჭირო ფული არ გვქონდა. მირჩიეს 2-3 წელიწადი მემასწავლებლა და მერმე ფულიც [ფ. 52] მექნებოდა სწავლის გაგრძელებისათვის. მამა, ერთხანს მერყეობდა, მაგრამ ბოლოს მტკიცედ განაცხადა: იქ საფიცრე ხეებზე მევაჭრებიან იმათ გავყიდი, ერთ ძროხასაც მივაყიდი და ფულს გიშოვნი, რომ თბილისში წახვიდე. იქ ბიძაშენიც (დედის ძმა) გიპატრონებს, უკვე წერილიც მომწერა, როდის ჩამოდისო და ასე… აქ რომ იმასწავლებლო, როგორც სხვებიც ჩამორჩები, მერმე ვინ იცის როდის შეელევი მასწავლებლობას და ისიც შეიძლება მოხდეს, რომ მათი მსგავსად ღვინის სმას მიეჩვიო და სხვ. და სხვ. მამას თურმე ადრევე მიეწერა ჩემს შესახებ ბიძიასთან თბილისში.

გადაწყდა: უნდა წავსულიყავი თბილისში, უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა.

უკვე თბილისში ვარ… რომელ ფაკულტეტზე უნდა შევიდე? – მათემატიკურზე შევდივარ. მაგრამ სამიოდე თვის მერმე სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტში გადავერიცხე.

საქმე ისაა, რომ მათემატიკურში მეცადინეობა-ლექციები დილის საათებშია, ხოლო მე უკვე ვმუშაობ. მოტიორი ვარ ტელეფონის ქსელისა [ფ. 53] სადაც მომაწყო ჩემმა ბიძაშვილმა კ.ხოშტარიამ, რომელიც ამ დროს თბილისის ქალაქის ტელეფონის ქსელის კომისარი იყო. ადრე ბაქოში მუშაობდა და იქიდან თბილისში უკვე კომუნისტი ჩამოსულა სამუშაოდ და ახლა აქ მე დამეხმარა. ერთხანს მონტიორად ვმუშაობდი. ვისწავლე ქსელის მავთულების გაყვანა, ტელეფონის აპარატის რემონტი და სხვა, მაგრამ ჩვენებს მიაჩნდათ, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ სახიფათო სამუშაო იყო და მერმე იქვე, მონტიორობიდან გადამიყვანეს მოანგარიშის თანამდებობაზე – ისევე ტუესში, ე.ი. თბილისის ტელეფონების ქსელის სამმართველოს კანტორაში – ეს უკვე 1923 წლის გაზაფხულში იყო – აქედან დაიწყო ჩემი სამსახურებრივი კარიერა, როგორც ბუღალტერიის მუშაკისა და ბოლოს საფინანსო განყოფილების გამგის თანამდებობასაც მივაღწიე – სხვა დაწესებულებაში – …ამ გზით ჩემი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ განმტკიცდა, ისე რომ მამასაც ვეხმარებოდი ცოტას.

მაგრამ, რაკი დღე სამსახურში დავდიოდი, აუცილებელი შეიქნა გადავსულიყავი სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, სადაც სწავლება იყო, ლექციები იკითხებოდა, საღამოს საათებში…

ეს ნაბიჯიც წარმატებიანი აღმოჩნდა…

[ფ. 54]

  • 1.11.81 – წყნეთი

ახლა ცოტა უკან უნდა დავიხიო. ერთი საინტერესო ეპიზოდი გამომრჩა. ეს იყო 1921 წ. თებერვლის ბოლოს თუ მარტში. რთული პოლიტიკური ვითარების გამო ის იყო სოფელში ჟამოვედი ქუთაისიდან, სადაც ვსწავლობდი.

დილას ხმა გაისმა: ბოლშევიკები აბაშაში ჩამოვიდნენო. იმავე საღამოს კოდორშიც ელოდნენ, მით უფრო რომ აქედან სწორედ წინადღით წავიდა სკოლისა და ეკლესიის შენობასა და ეზოში ჩაბანაკებული მენშევიკური გვარდიის ცხენოსანთა ნაშილი, რომელიც უმეტესად აღმ.საქართველოს თავადაზნაურული ოფიცრებისაგან შედგებოდა: ერისთავები, ციციშვილები, ჭავჭავაძეები, ჩოლოყაშვილები, ამირეჯიბები, თაქთაქიშვილები, ავალიშვილები, გედევანიშვილები, გაბაშვილები, მესხიშვილები და სხვ.

ერთი ვიღაც მათგანი მამაჩემის ნაცნობი აღმოჩნდა და სამიოდე კაცით სახლში გვესტუმრა. იმ ღამეს, ეტყობოდა, ჩვენთან უნდოდათ დარჩენა, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი უთხრა – სადაცაა აბაშიდან აქ გაჩნდებიან ბოლშევიკებიო და საერთოდ ჩვენი სოფლიდან გასვლა – ბათუმისკენ ურჩია. ისინიც წავიდნენ და მართლაც რამდენიმე საათის [ფ. 55] შემდეგ ფაქტიურად „მოხდა ჩვენი სოფლის გასაბჭოება”, როგორც ჩემი ბიძაშვილი, პანტელეიმონ გუგუშვილი, ირონიულად ამბობდა ხოლმე მერმე, როდესაც ამ ამბებს მოვიგონებდით.

მაგრამ სად ვიყავი მე? მენშევიკების გვარდია რომ ჩვენი სოფლის ცენტრში დაბანაკდა, ხმა გავრცელდა, სოფელში ვინც კომუნისტები, მათი თანამგრძნობელნი და კომკავშირლებია ყველას დააპატიმრებენ და „თან გაიყოლებენო”. მე შემეშინდა. ვინ უწყის რის გაკეთებას იკადრებენო, მითხრეს. ერთმა მითხრა, ამაღამ ჩემთან წამოდიო; მეორემაც. ამასობაში, საღამოვდებოდა, მამასთან, როგორც ყოფილ მამასახლისთან ვიღაცეები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. თვითონ იგი ძლიერ დაფიქრებული ჩანდა.

მე ჩემი უფროსი დის, ალექსანდრას დახმარებით სახლის უკან ეზოში, მარანს იქით მდგარ უზარმაზარ მუხაზე, რომელიც სამიოდე მეტრის ზემოდ რამდენიმე დიდ ტოტად იყოფოდა (თვითოეული ტოტი არსებითად მთელი ხე იყო, მათი განი ნახევარ მეტრს აღემატებოდა, ხოლო თვით მუხის ტანის სისქე 2-3 მეტრამდე იქნებოდა) განშტოებიანზე ავიტანე ერთი ფიცარი და [ფ. 56] ისე დავდგი, რომ არა თუ არხეინად წამოჯდომა, დაწოლაც კი შეიძლებოდა, მით უფრო ის ფიცარი ერთი დიდი ლურსმით ტოტზე მივაჭედე ისე მაგრად რომ კაცი ძვრასაც ვერ უზამდა. ეს ჩუმად მოხდა, ისე რომ ჩვენს მეტმა არავინ იცოდა. მე ზემოდ ძველი ნაბადიც ავიტანე და აქ ვფიქრობდი გადაღამებას. ჩემს დას არავისთვის არუნდა ეთქვა ამის შესახებ.

უკვე კარგად დაღამდა. უცებ მამის ხმა ისმის, მე მეძახის… სადღაც წავიდა, მალე მოვაო – უთხრეს. მამა პანტელეიმონს უძახის. ის აქვე ახლოს ყოფილა. აბა მონახეთ. ჭკუით იყავითო, მამასთან უკვე რამდენიმე კაცი იყო. მეზობელი სოფლიდანაც…

შუაღამეს მიტანებული იქნებოდა, რომ ჩვენს ჭიშკართან ხუთიოდე ცხენოსანი გაჩნდა და იძახიან: ბესარიონ! – შენთან მოვედითო. მამა გაეგება. მე ყველაფერი მესმის. ზოგიერთ რამესაც ვხედავ ამ სიბნელეში. ზემოთ ავიწიე, უფრო მაღალ ტოტზე შევცოცდი და იქიდან ვიყურები.

მესმის, ჯაბა კიზირიას ვაჟია და თქვებთან ლაპარაკი უნდაო. მე უფრო დავმშვიდდი. [ფ. 57] ჯაბა კიზირიას ვაჟსა და ასულსაც კარგად ვიცნობდი. ბოლშევიკები იყვნენ, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ჩვენი ნათესავები იყვნენ – დედა ჩემი ჯაბა კიზირიას ძმის შვილი იყო.

მალე წავიდნენ… ლაპარაკი, მოლაპარაკება, კითხვები და პასუხები თითქმის სულ მესმოდა. მამა კვლავ მე მეძახის. საჩქაროდ ჩამოვცოცდი და მივედი. სად იყავი? – აქვე, ბოსტანში, მერმე მარანში…

მოლაპარაკების შედეგი ის იყო, რომ ეცნობებიათ ხვალ შუადღეზე უფრო ადრეც აბაშიდან სახალხო კომისრების რწმუნებულები და ჯარის ნაწილები შემოვა. ხალხი დაამშვიდეთ, არავინ რაიმე წინააღმდეგობა და ცუდი სიტყვები არ გაბედოს. სჯობია ყველაფერი მშვიდობიანად ჩატარდეს… ამაღამ სოფლის ბოლომდე გავლენ და სხვებსაც გააფრთხილებენ…

მამას კერძოდ უთხრეს: მთელი შენი გავლენა გამოიყენე, რათა ხალხი დინჯად იყოს, ვინმე არ აჩქარდეს. მენშევიკები უკვე დღეს-ხვალ ბათუმსაც დატოვებენ – ევროპაში გარბიან მათი მეთაურებიო. გვარდიის ოფიცრების დიდი ნაწილიც მიყვებიანო და სხვ.

მეორე [ფ. 58] დღეს მართლაც დაახლოებით ასე მოხდა ყველაფერი. ჩამოსულებმა თან ჩამოიყვანეს ციხიდან განთავისუფლებული ამ სოფლის რამდენიმე მცხოვრები. ესენი ბოლშევიკებია და ამათგან ვინც გირჩევნიათ ის აირჩიეთო. ერთს ვინტოვკა ქონდა გადაკიდებული და წინ წამოიწია, რაიონის რწმუნებულებს მან მიმართა: მე აქ ყველა მიცნობს, მეც ვიცნობ ყველას და თუ თანახმა ხართ შევუდგებით ახალი წესრიგის დამყარებას, ლენინის მოძღვრების მიხედვითო.

სიჩუმე ჩამოვარდა, არავინ ხმას არ იღებდა. რაიონიდან მოსულმა მოულოდნელად ხმა მაღლა განაცხადა: ბესარიონ გუგუშვილი ყოფილი მამასახლისია, ის ჩვენი კაცი არაა, მაგრამ ცნობით ყველაზე უკეთ იცნობს ყველას და ვსთხოვოთ რას იტყვის ამ კაცზეო.

მამა ხმას არ იღებდა, გაჩუმებული იდგა, ბოლოს წამოაძახეს: სთქვი რაც სათქმელია მაგ კაცზეო! მამა წინ წამოდგა და განაცხადა: თითქმის თხუთმეტი წელიწადია ამ თემისა და სოფლის მამასახლისი ვარ, და თუ სიმართლე [ფ. 59] გინდათ, – მიმართა მან რაიონიდან ჩამოსულ უფროსებს, – ეს კაცი, მართალია, ციხეში იჯდა, მაგრამ არა კომუნისტობისათვის. ბარე სამჯერ მეც მყავს ციხეში გაგზავნილი ქურდობისათვის. და, თუკი, დამიჯერებთ, ქურდის მიერ დამყარებული წესრიგი ჩვენთვის არიქნება მისაღებიო.

ის წინ წამოვარდა და ვინტოვკა მხრებიდან მოიხსნა, ოღონდ ის იყო მაშინვე მივარდნენ და იარაღი, რევოლვერიც ქონია ჯიბეში, ახადეს… და როდესაც ხალხი ყვიროდა: ქურდია, ქურდი და აქედან მოგვაცილეთო, რაიონის რწმუნებილმა განკარგულება გასცა უკანვე წაეყვანათ ციხეში. ოღონდ ის იყო, იგი მამას დაემუქრა: გამოვალ და გაგისწორდებიო!..

ახლა ამის თაობაზე ის მახსენდება, რომ ის, მაწინ სულ ახალგაზრდა კაცი, ოთხიოდე წლის შემდეგ თბილისში ქუჩაზე წინ გადამიდგა… ცოტა არ იყოს შემეშინდა, ის ჩემზე ბევრად უფროსი იყო და ღონიერიც გამოიყურებოდა. მე ხელი რომ გამენთავისუფლებია ჩემოდანი ტროტუარზე დავდგი და… ის ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა ჩემი ჩემოდანი აიღო და მეუბნება: სახლში მიგატანიებ, საკმაოდ მძიმეა თქვენთვისო!

[ფ. 60] ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა. ვკითხე რად ჩამოსულიყო თბილისში. მიპასუხა ღორი და გოჭები დავკალი და გასაყიდათ ჩამოვიტანე. უკვე გავყიდე კიდევაც… მამაშენის დიდი მადლობელი ვარ… მაშინ მალე გამომიშვეს მისი თავდებობით და დარწმუნებული იყავი, რომ არშევარცხვენ მის წვერებსო!

მამაჩემმა ხშირად იცოდა წვერისა და განსაკუთრებით ულვაშების დაფიცება – მის წარმოდგენაში ესენი ვაჟკაცობის ატრიბუტები იყო: ულვაში შემირცხვეს!…

— o —

23.VII.82 თითქმის წელიწადია, რაც „მოგონებისათვის” ხელი არ მიხლია, დრო არ მქონდა. ამ საღამოს მთლიანად გადავიკითხე, მხოლოდ ვფიქრობ, აწი კიდევ გავაგრძელო; მალე შვებულებაში ვიქნები და ლიტ.-მეცნ. მუშაობისაგანაც ცოტა უნდა დავისვენო.

[ფ. 61]

  • 12.4.83

მაინც ვერ მიხერხდება დღიურებსა და მოგონებებს მივხედო. ახლა ერთი რამ გამახსენდა და მინდა ჩავსწერო. 1930-იანი წლების შუა იყო. საშობაოდ მამა ჩამოვიდა სოფლიდან. ფრიად დატვირთული: ხურჯინით, კალათათი, კიდევ ცალკე შეკრული მოზრდილი ფუთა ეჭირა და ცალკე დოქი თაფლით სავსე.

მე ჩემ დასთან, შურასთან, ერთად ლიბკნეხტის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ერთი ოთახი და „ოთახისვე უფლებებში” გრძელი შემინული აივანი, რომელსაც პატარა ანტრე, იგივე „სამზარეულო” ქონდა, რომელიც ფარდით იყო გამოყოფილი.

მამამ იმდენი ხორაგი მოიტანა, რომ ხეირიანად ვერცკი გავშალეთ ჩვენს ბინაში… სუფრაზე, სადილობისას მე მამას ვუთხარი:
– ეს ნამეტანი შეწუხებულხარ. ხომ ხედავ, მე თითქმის არაფერი მაკლია და შენ კი ამდენი რამ მოგიტანია. გთხოვ შემდეგში ასე არ გაიჭირვო და სხვ. [ფ. 62] მახსოვს, მამა ერთხანს გაკვირვებული მიყურებდა, მერმე მან სთქვა (სუფრას ის, ჩემი და და მე ვუსხედით):
– შვილო ამას როგორ მეუბნები, ხომ იცი მე თქვენს მეტი არავინა მყავს. (ჩემი ერთი და ლიუბა – იმავე სოფელში იყო გათხოვილი, ხოლო ალექსანდრა – თბილისში). და აბა თუ არა შვილებზე, რაზე უნდა ვიფიქრო და ვიშრომო?! – ჩემს ცხოვრებას, განაგრძობს იგი – ახვა აზრი არა აქვს. მე აწი არც შვილი მეყოლება და სხვა ძირი. მარტო იმისათვის, რომ ვაკეთო და მევე მოვიხმარო, კაცმა როგორღა უნდა გავსძლო. – მე მიხაროდა ამეებს რომ წამოსაღებად ვამზადებდი, თქვენთვის მომქონდა და მხოლოდ ის მადარდებდა, რომ მეტის წამოღება არ შემეძლო რათა კიდევ უფრო გამეხარებინეთ, რადგან [ფ. 63] იცოდეთ, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გახარებით შემიძლია გავიხარო და სხვა არაფერი მაბადია… – რომ მითხრეს, ერთი თვის წინ, რომ გაზეთში შენი დიდი ნაწერი იყო დაბეჭდილი, მე სიხარულისაგან არ ვიცოდი რა მექნა. საჭმელიც ვერ ვჭამე და წავედი, რომ ის გაზეთი მენახა, ჩემი შვილის საქმე მენახა, შენი უკვდავი სამე მენახა. და მე სულ ისღა მინდოდა რომ კიდევ სხვებს და სხვებს ეთქვა:
-ბესარიონ! ნახე? წაიკითხე?
-ბესარიონ, ერთი მეც მათხოვე, წავიკიხო.
-ბესარიონ, ჩვენ ყველანი ვამაყობთ და სხვ.

და ხშირად ჩავურთავდი, ეს რა გიკვირთ, განა არ იცით, რომ ამის სისქე წიგნები აქვს დაბეჭდილი?! და სხვ. [ფ. 64]

– არა შვილო, ამას ნუ მეუბნები. ეს იგივეა მითხრა, ნუ მოხვალო, იქ იყავიო… ჩემი სიცოცხლე თქვენშია შვილებო და უთქვენოდ აბა რა გამაძლებინებს და რომ გავძლო ჩემი გაძლების აზრი სხვა რაუ უნდა იყოს, თუ არა ჩემი ნახელავით ცოტა რამ გასიამოვნოთ. მე თუ ვცოცხლობ მხოლოდ იმ აზრით, რომ თქვენ რაიმე, თუნდაც ძლიერ მცირე რამ გასიამოვნოთ და ამას ნუ დამიშლით… [ფ. 64]

პაპაჩემს ნიკოლოზ იოსების ძეს გუგუშვილს საბოლოოდ ჰყავდა ორი ასული და ოთხი ძე – გიორგი, ერისთე, იოსები და ბესარიონი, რომელთაც, დების გათხოვების შემდეგ თავიანთი ოჯახები შექმნეს. ოთხთავეს ჰყავდა მხოლოდ თითო ვაჟი და სამსამი (სამს) და ორი ასული.

მამაჩემი, ბესარიონი პაპის (ნიკოლოზის) ყველაზე უმცროსი შვილი იყო. მე კარგად მახსოვს მამა და მისი უფროსი ძმა იოსები როგორ გაიყარნენ. მათ დიდი სახლი, ოდა (ოთოთახიანი, ოთხთვალიანი) გაყიდეს და ეს ფული, ისე როგორც შინაური პირუტყვი გაინაწილეს. იოსებს როგორც უფროს ძმას სამზარეულო – მოზრდილი მიწური სახლი ერგო, თავისი ეზოს ნაწილით, ხოლო მამას ხულა და სასიმინდე. [ფ. 66]

ამ დროიდან ჩვენი ოჯახი, ექვსი სული, ერთხანს სასიმინდის, ე.ი. ნალიის, ჩვეულებრივ მაღალ ბოძებზე შედგმულ და შემოფიცრულ მიწურ-ოთახში (ბინაში) ცხოვრობდა… მერმე მამამ ეზოში, გზის გაყოლებით მდგარი დიდი ალვის ხეები მოჭრა და რაჭველ ოსტატებს ფიცრებად დაახერხინა და ოდის ადგილას მოზრდილი მიწური სახლი ააშენა, რაც ისლით იყოდაფარული. მას წინ ერთი ფანჯარაც ჰქონდა დატანებული და მთელს სიგანეზე აივანი, ისიც, ცხადია, მიწური.

ნალიიდან გამოსულებისათვის, როგორც მამა ოხუნჯობდა, ეს უკვე კარგი და ფართო ბინა იყო.

მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდა ხულის გაფართოვება, რეკონსტრუქცია და აშენდა ნაწილობრივ ქვის ბოძებზე შედგმული, სამოთახიანი + საკუჭნაო, ოდა, რომელიც კრამიტით იყო დახურული. [ფ. 67]

ამგვარად, მამის კარმიდამო საკმაოდ კარგად მოეწყო. მას აკლდა მხოლოდ… ხულა.

აქ უნდა ითქვას, რომ როგორც ოდად გადაკეთაბული (ფრიად გაფართოებული) ხულა, ისე ის დიდი მიწური სახლი, რომელიც ბიძაჩემს ერგო აშენებული იყო არა დახერხილი, არამედ ხის დაპობილი (დახეთქილი) და მერმე ნაჯახით გათლილი ფიცრებისაგან, რასაც ეს აშკარად ეტყობოდა. სამზარეულო (მიწური) მუხისა, ხოლო ხულა წაბლის ხისა იყო. მათი კედლის კუთხეების ფიცრები ურთიერთში ჩაჭედილ-ჩადგმული იყო, რითაც კედლები იკვრებოდა კიდევაც. ყოველივე ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი ადრე, ჯერ კიდევ მაშინ იყო აშენებილი, როდესაც ხის მორების ფიცრებად დახერხვა არ ყოფილა გავრცელებული, თუ შემოღებული.

(გვ.64-დან) უფრო ადრე, სახელდობრ 1916 წელს ჩვენს ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა – გარდაიცვალა დედაჩემი. ამ დღიდან ბებიამ, დედის დედამ, ერთხანობით მე წამიყვანა აქედან და მათთან თბილისში ვცხოვრობდი… მერმე აბაშაში ვსწავლობდი, წემდეგ 1917-1922 წწ. ფოთსა და ქუთაისს, სადაც დავამთავრე საშუალო, ხოლო 1923-1928 წწ. – თსუ – ეკონომიკური ფაკულტეტი.

[ფ. 68] ამ ხანებში მე თსუ სოც-ეკონ. ფაკულტეტის კურსი უკვე დამთავრებული მქონდა და სამსახურშიაც ვიყავი. ის-ის იყო, რომ ჩემი „ქართული წიგნი 1629-929″ გამოიცა (1929) და მისი ერთი ეგზემპლიარი და ჰონორარიდან კიდევ 200 მან. ფოსტით გავუგზავნე მამას კოდორში.

როგორც კარგა ხნის მერმე სოფელში მეზობლებმა მითხრეს, მამაჩემი თურმე სულ იმას ტრაბახობდა: შვილი მომესწრო, წიგნებს ბეჭდავს და ფულებსაც ბლომად მიგზავნის, ასე რომ ოდა-სახლის აშენება იმის დახმარებით შევსძელიო…

[ფ. 69]

  • 12.9.84

გენეალოგია – ბერძნული სიტყვაა
გენე = ოჯახი
ლოგოს = სიტყვა სიტყვა ოჯახზე – წარმომავლობაზეშ გვაროვნობაზე

ჩემი პაპის მამა იყო – იოსებ გუგუშვილი, პაპა (ბაბუა) კი – ნიკოლოზ გუგუშვილი – მისი ძე, ნიკოლოზის ძე, იყო ბესარიონი – ჩემი მამა.

მამაჩემი და მისი უფროსი ძმა იოსები იყვნენ ნიკოლოზ გუგუშვილის შვილები მეორე ცოლისაგან – ეს, ჩემი ბაბია იყო გეგენავას ასული და ხოშტარიას ქვრივი (ნაცოლარი).

დედა ჩემი – მარიამ გიტოს ასული კიზირია. ჩემს მახსოვრობაში მისი დედა, ძმა და დები ცხოვრობდნენ ჯერ ფოთში (ერთიც სოფ. ?, აბაშის რაიონში), ხოლო შემდეგ, 1914 წლიდან – თბილისში. მათთან მე კარგა ხანს ვყოფილვარ ფოთსა და თბილისშიაც, სადაც სტუდენტობის [ფ. 70] პირველ წლებში ხან ბებიასთან და ხან დეიდასთან ვცხოვრობდი.

ჩემს მშობლებს ყავდათ 4 შვილი: მე – პაატა (1905) და სამი ასული – ალექსანდრა (1908), ლიუბა (1912) და შურა [შუშანიკი] (1914).

დედაჩემი გარდაიცვალა 1916 წელს სულ ახალგაზრდა, დაახლოებით 30 წლისა.

მამაჩემიც ადრე მოკვდა, 1938 წელს, სულ ორმოცდათვრამეტი წლისა (1879-938). გადმოცემით ვიცი: პაპაჩემს დიდხანს, ოთხმოცდაათ წელზე მეტი უცოცხლია, მგონი 97 წლის მომკვდარა, და ისიც ცხენიდან გადავარდნის შედეგად – სახლიდან დილას პირუტყვი გაურეკია რიონისპირის საბალახოზე. უბელო (უუნაგირო) ცხენზე მჯდარა (სოფელში მეც ხშირად ვმჯდარვარ ქეჩა ან ტომარ გადაფარებულ ცხენზე), რომ სახლში დაბრუნებულა, ჭიშკართან ძაღლებს ცხენი დაუფრთხიათ და ის მოულოდნელად გადავარდნილა…

[ფ. 71]

  • 9.V.86

ახლა ვხედავ მოგონებებისათვის 1,5 წელიწადია ხელი არ მომიკიდია — არაფერი ჩამიწერია

დღეს სახლში დავიდარაბა იყო, წიგნებს ვერ ვათავსებ, იმდენი მაქვს რომ არ ეტევა ჩემს ბინაში, ვერც აქ, ვერც წყნეთში –აგარაკში.

უნებლიეთ გამახსენდა, ქუთაისში მოწაფეობის დროს შევნატროდი წიგნებს, რაც გიმნაზიის, მერმე ტექნიკუმის ბიბლიოთეკაში საკმაოდ იყო და მენატრებოდა ამ ბიბლიოთეკის უფროსი ვყოფილიყავი და მაშინ ხომ ამდენი წიგნი ჩემთვის სულ ყველა ადვილადმისაწვდომი იქნებოდა…

რა ბედნიერი იყო სკოლის ბიბლიოთეკის გამგე… მეც უანგარო ყმაწვილი რატომღაც ბედნიერი ვიყავი იმის ბედნიერებით, რომ ყველა წიგნი, როდესაც და როგორც მოეპრიანებოდა ისე შეეძლო ეკითხა აქაც და სახლშიც წაეღო წასაკითხავათ… უზომოდ და უვადოდ…

[ფ. 71]

  • 17.VI.86

1959 წ. თურქეთში მოგზაურობისას, იზმირში (სმირნაში), უკეთ ვთქვათ მის მახლობლად, სულ ცოტა ხნით სტუმრად ვიყავი ოჯახში თურქეთის ფლოტის მაღალი ჩინის ოფიცრთან. ის ქართველი იყო, ლაზი, სულიაშვილის ქართულ გვარს ატარებდა. გზაზე, გემბანზე, სტამბოლიდან იზმირისაკენ რომ მივდიოდოთ მკითხა, მეორენაირი ქართულითუ იციო. ეს თურმე ყოფილა ლაზური, ე.ი. მეგრული და ცხადია, ვიცოდი.

მან მაშინ ლექსი მითხრა, გამოსაცდელად, თუ გავიგებდი:

„მა სი მიჸორქ
სი ვაგიჩქუ,
სქანოთ ვორექ დონაბადი,
მიინალე გოლვაფირო
მუჭოთ ცხენი
დო ნაბადი…”

მითხრა [გვ. 72] და მომაჩერდა… ვუთხარი ყველაფერი გავიგე მეთქი… მითხრა: ჩვენ ორივე კოლხები ვართ (ლაზები) და ბედმა ისე განსაჯა რომ ორივე სხვადასხვა დიდი იმპერიების ძლიერებას ვემსახურებით, მე -თურქეთისას, თქვენ – რუსეთისასო…

– ამაზე არაფერი მითქვამს, თუმცა ეტყობოდა ძლიერ უნდოდა რაიმე მეთქვა.

ბოლოს მისი ოჯახიდან წასვლისას, როდესაც ერთი ფეხი კარის ზღურბლზე გადავაბიჯე, ის თვალებს არ მაშორებდა, მე ჩემს ფეხებს დავხედე,… რაც იმან შეამჩნია და შეიმჩნია ისიც რომ შეამჩნია და მითხრა, გავიგე თუ რა პასუხი გამეციო…

აქვე მისი ცოლი იდგა და გვისმენდა. მე მაშინ ის მეგრული ლექსი მკვეთრი, გარკვეული სიტყვებით გავიმეორე… თურქის ქალმა მკლავზე ხელი მაგრად მომკიდა და თვითონაც ლექსი სიტყვასიტყვით, გაიმეორა… და ქმარს თურქულად ჩაულაპარაკა. მასპინძელმა მითარგმნა: „ეტყობა მართლად დიდი [გვ. 73] მოაზროვნე მეცნიერი კაცი ყოფილა, თორემ ერთი მოსმენით ამ ლექსს როგორღა დაიმახსოვრებდა…, როდესაც მე ათ წელზე მეტი მომინდა კარგად მესწავლაო!”

დიასახლისს მე ქათინაურისათვის და საერთოდ გულსრული მიღებისათვის დიდი მადლობა მოვახსენე და ასე დავშორდით ერთმანეთს, ადამიანები… ესოდენ ახლობლნი და ესოდენ შორეულნი, რომელნიც როგორც აქამდე, ისე ამიერიდან, ერთმანეთს ვეღარ ვიხილავთ, ცხადია, და ვითარც ფრიად ძნელად შესახვედრებელი…

ამ მასალის გამოყენება დაშვებულია / ნებადართულია მხოლოდ მეცნიერული კვლევისათვის. ამ მასალის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე სახით გამოქვეყნება / პუბლიკაცია ბეჭდურ (წიგნები, გაზეთები, ჟურნალები) ან რაიმე სხვა სახის მედიაში (რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი) დაუშვებელია საავტორო უფლებების მესაკუთრის საგანგებო წერილობითი ნებართვის გარეშე. ამ მასალის (CD / კომპაქტ დისკოზე ჩაწერილი ინფორმაციის) ასლის/ასლების გაკეთება დაუშვებელია. კატეგორიულად აკრძალულია ამ მასალის მასობრივი ტირაჟირება / კოპირება და გავრცელება დიგიტალური ფორმით (CD, მაგნიტური მატარებლები და სხვ.) ან ნებისმიერი სხვა ფორმით.
© ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი

პაატა ბესარიონის ძე გუგუშვილი ეკონომიკა პოლიტეკონომია პოლიტიკური ეკონომია სოციოლოგია დემოგრაფია სახალხო მეურნეობის ისტორია სტატისტიკა მეურნეობა ჟურნალისტიკა კონსტანტინე გამსახურდია ხალხთმოსახლეობა სტამბა გამომცემლობა შრიფტი შრიფტები საქართველო ამიერკავკასია კავკასია

Advertisements

სთაგორი – საქართველოს თავისუფლებისათვის აღგზნებულ გულთა ორდენი 1926

პაატა გუგუშვილი,
დღიურები, ჩანაწერები, მოგონებები.
რვეული 7 (1967 წ.), გვ. 62,
ამონარიდი:

(ორმოციოდე წლის წინანდელი გატაცების მოგონება 1965 წელს)

სთაგორის სიმბოლო: გულთა კავშირი, შუაში ვარდის მსგავსად დახატული: „ცოცხალი ვარდი არა მაქვს და ამიტომ ნახატს გამოგიგზავნი – მუდამ გახსოვდეს ეს ვარდი, როგორც უჭკნობი სიმბოლო ჩვენი გულითადი თავისუფალი სიყვარულისა და მეგობრობისა, – ჩვენი სათაყვანებელი ვარდის გამოსახულება“.

ვარდი ხატია,
დამიხატია,
გულს მახატია
მე ეს პარტია
და სიმპატია

საქართველოს თავისუფლებისათვის აღგზნებულ გულთა ორდენი (1926), ტ.7, გვ.62

{1926 წელს პაატა გუგუშვილი 21 წლის ახალგაზრდა იქნებოდა – რედ.}

ამ მასალის გამოყენება დაშვებულია / ნებადართულია მხოლოდ მეცნიერული კვლევისათვის. ამ მასალის ან მისი რომელიმე ნაწილის რაიმე სახით გამოქვეყნება / პუბლიკაცია ბეჭდურ (წიგნები, გაზეთები, ჟურნალები) ან რაიმე სხვა სახის მედიაში (რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი) დაუშვებელია საავტორო უფლებების მესაკუთრის საგანგებო წერილობითი ნებართვის გარეშე. ამ მასალის (CD / კომპაქტ დისკოზე ჩაწერილი ინფორმაციის) ასლის/ასლების გაკეთება დაუშვებელია. კატეგორიულად აკრძალულია ამ მასალის მასობრივი ტირაჟირება / კოპირება და გავრცელება დიგიტალური ფორმით (CD, მაგნიტური მატარებლები და სხვ.) ან ნებისმიერი სხვა ფორმით.
© ბესარიონ პაატას ძე გუგუშვილი

პაატა ბესარიონის ძე გუგუშვილი ეკონომიკა პოლიტეკონომია პოლიტიკური ეკონომია სოციოლოგია დემოგრაფია სახალხო მეურნეობის ისტორია სტატისტიკა მეურნეობა ჟურნალისტიკა კონსტანტინე გამსახურდია ხალხთმოსახლეობა სტამბა გამომცემლობა შრიფტი შრიფტები საქართველო ამიერკავკასია კავკასია

Create a free website or blog at WordPress.com.