პაატა გუგუშვილი

ოქტომბერი 23, 2016

კონსტანტინე გამსახურდიას ხსოვნის შეხვედრა 3.X.76

Filed under: 05 ნაწყვეტები დღიურებიდან — ბესარიონი @ 7:58 PM

გვ. 79-80

დღეს, ამ დილას ჩემთან მოვაწყე კონსტანტინე გამსახურდიას ხსოვნის შეხვედრა. ეს იყო “ხაშოლოგიური შტუდიების” ერთგვარი გაგრძელება, უიმისოდ. რაც თუ ცოცხალი ვიქენი, მინდა ყოველწლიურად აღვნიშნო.

საქმე ისაა, რომ მისი გარდაცვალების წლისთავი არ აღნიშნეს. ჩვეულებრივ პატარა, ზოგჯერ სრულებით უმნიშვნელო მწერლის გარდაცვალების წლისთავს აღნიშნავენ, ხოლო ეს ვებერთელა მწერალი, ქრთული მხატვრული ლიტერატურის ნამდვილი მშვენება და სიამაყე დაივიწყეს. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებას გავს რაც თავის დროზე ა.მგელაძემ გააკეთა, როდესაც ის ც.კ. I მდივნად იყო.

მე მაინც აღვნიშნე. ‘მნათობშიც’ სტატია გამოვაქვეყნე მისი გარდაცვალების წლისთავზე (მართალია ძლიერ აკუწეს, დაამახინჯეს, მაგრამ რაღაც მაინც არის) და ჩემს ოჯახშიც მეგობრები მოვიწვიე. დღეს, რადგან ადრე ვერ შევძელი, ივლისში თბილისში არ ვიყავი და სხვა მოსაზრებებიც იყო. მე დირექტორობიდან გამანთავისუფლეს და კიდევ არ ვიცოდი, დღესაც არ ვიცი თუ საბოლოოდ კიდევ რა შეიძლება მოყვეს ამ ჩემს ახლანდელ მდგომარეობას.

დღეს მე მოწვეული მყავდა კონსტანტინეს უახლოესი მეგობრები: ა.შანიძე, კარლო კალაძე, გიორგი ნატროშვილი, რევაზ ჯაფარიძე, ბ.ჟღენტი, აგრეთვე ვ.ჩანტლაძე, ბ.ხასია, ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია.

ს.ჭილაიამ გაიხსენა, თუ როგორ ბეწვზე ეკიდა (ვინ უწყის მერამდენეჯერ) კ.გამსახურდიას სიცოცხლე ამ 23 წლის წინათ ა.მგელაძის მდივნობის დროს. ამან, რათა გაეფუჭებინა კონსტანტინე გამსახურდია, ანტიმეგრული მოძრაობის მძიმე პერიოდში, მოინდომა სტალინთან შეთანხმებით მისი თუ დახვრეტა არა, ყოველ შემთხვევაში დაპატიმრება და კვლავ გადასახლება.

ამას გრძნობდა კონსტანტინე, რომელსაც, არაერთხელ უამბნია მერმე, გადაწყვეტილი ქონდა, როდესაც მასთან სახლში დასაპატიმრებლად მივიდოდნენ მათი დახვედრა თოფითა და რევოლვერით, რამდენიმე მაინც დაეხოცა, და მერმე თავი მოეკლა უკანასკნელი ვაზნით.

ა.მგელაძემ სტალინს მიუტანა გამსახურდიას ‘დიდოსტატის მარჯვენა’ და ‘დავით აღმაშენებელი’, როგორც დოკუმენტები, რომლებიც საფუძველს იძლეოდნენ ავტორის ლიკვიდაციისათვის. ბედი, რომ სტალინი არ აჩქარდა… წიგნები დაიტოვა და უთხრა შემდეგ მომაკითხე და გეტყვი ჩემს აზრსო.

— როდესაც შემდეგ მივიდა მასთან ა.მგელაძე, დარწმუნებული, რომ გამსახურდიას ბოლო მოეღებოდა; სტალინმა მას უთხრა: ეს რა დიდი მწერალი გვყოლია, მე არ ვიცოდი. საჭიროა მას ხელი შევუწყოთო და სხვ.

მოსკოვიდან დაბრუნებული ა.მგელაძე წერილს სწერს კ.გამსახურდიას, რომელსაც უცხადებს, შენ ხარ ჩვენი დიდი და სასიქადულო მწერალიო. მთხოვე რაც გინდა და ყოველმხრივ დაგეხმარებიო.

კონსატანტინე მაშინვე ურეკავს მწ.კავშირის მდივანს ს.ჭილაიას და სთხოვს მიღებას, რაღაც საოცარი დიკუმენტის მისატანად. ის მიდის მწერალთა კავშირში,… სანამ მივა ს.ჭილაიას ურეკავენ ც.კ.-დან: შენთან რომ ახლა გელაპარაკებოდა, მოდის კ.გამსახურდია და მას ასე და ასე უთხარი; ის კარგად მიიღეო და სხვ.

ასე გადაურჩა ანტიმეგრული, ყოვლად სამარცხვინო და ნამდვილად მუხანათური მოძრაობის ამტეხი ა.მგელაძის მსახვალ ხელს მაშინ კ.გამსახურდია.

ეს ა.მგელაძე და მისი ავანჩავანი ვ.მელქაძე ახლა კვლავ დაწინაურდნენ და დიდი გავლენა აქვთ ისეთი საკითხების გადაჭრაში, რაც ქართველი ერის სამკვდრო-სასიცოცხლო საქმეებს შეეხება. ვნახოთ სანამდე წავა ახლა ეს მოძრაობა, რომელიც ისევ ანტიმეგრული ნიშნით ვითარდება.

გამომცემლის შენიშვნა (ბპგ): რვეულის ამ გვერში ჩაკრულია ასეთი ბარათი:

ბატონ პაატა გუგუშვილს
ძვირფასო ბატონო პაატა!

როგორმე უნდა მაპატიოთ, რომ დღეს ვერას გზით ვეღარ ვახერხებ თქვენს სტუმართმოყვარე ოჯახში მოსვლას. სრულად მოულოდნელი საქმე (მნიშვნელოვანი), რომელიც ამ დილას გამომიჩნდა, სამწუხაროდ ეს არ მაძლევს დავესწრო თქვენს სერობას, რომელიც დიდი კონსტანტინეს სახელს ეძღვნება.

მარად თქვენი პატივიცმცემელი
რეზო ჯაფარიძე
3.10.76 წ.

გამომცემლის შენიშვნა (ბპგ) – პაატა გუგუშვილს ამ ბარათზე მიუწერია:

მინაწერი: თურმე გ.ნატროშვილი და რ.ჯაფარიძე ჩემი სახლის შემოსასვლელამდე მოსულან. აქ დაუნახავთ, რომ შემოვიდა სადარბაზოში ზ.გამსახურდია. მაშინვე გაბრუნებულან… გზაზე შეჩერებულებს კარგა ხანს უმსჯელიათ და სახლში დაბრუნებულან.

მე გიორგისთან, რომ შეაგვიანდათ, დავრეკე. მითხრეს: თქვენთან წამოვიდაო. მეორეჯერაც რომ დავრეკე თვითონ მოვიდა ტელეფონთან და მითხრა: მოვდიოდი, მაგრამ გამოვბრუნდი. თქვენთან დალევა მომიხდებოდა და გული სუსტად მაქვს ვეღარ დავლევო და სხვ. ასეთები; როდესაც მე ვუთხარი მე კიდევ უფრო სუსტად ვარ და ისედაც აბა როდის იყო ჩემს ოჯახში დალევას ვინმეს აძალებდნენ მეთქი… ვერ მოვალ, ისეა საქმეო…

ცოტა ხნის შემდეგ რევაზმა ეს წერილი გამოაგზავნა… მეორე დღეს თვითონ მოვიდა. დიდი ბოდიშები მიხადა და გამომიტყდა: ორიოდე დღის წინ ე.შევარდნაძესთან ვიყავი გამოძახებული… სხვათა შორის გამაფრთხილა… ზვიად გამსახურდიას ნუ გაეკარებიო… მე და გიორგიმ ის ვნახეთ თქვენს სახლში შედიოდა და ის იყო. ჩვენ მაშინვე გამოვბრუნდით. გიორგისაც შეეშინდა. არ ივარგებდა… ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხს შეეხებოდა საქმეო. და სხვ და სხვ. მე, მართალია, ავუხსენი, რომ ეს შეხვედრა კონსტანტინე გამსახურდიას მოსაგონრად მოვაწყვე; – მის წლისთავს ჩემს მეტი არავინ გამოეხმაურა და მომავლის წინაშე მეც რომ არ გავწითლებულიყავი და თქვენც რომ მისი მეგობრები პირშავათ არ დარჩენილიყავით იმიტომ გავაკეთე მეთქი და ზვიადი აბა რას გიშლიდათ და სხვ… ყოველივე ამაო იყო… ამაოებათა…

ესეც ნიმუში ჩვენებური, თანამედროვე ვაჟკაცობისა.
მინაწერი 27.10.76

1

23

4

a

b.jpg

c.jpg

კომენტარის დატოვება »

კომენტარები ჯერ არ არის.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: