პაატა გუგუშვილი

ეს საითი

პაატა ბ. გუგუშვილის დღიურები და მოგონებები

პ.გუგუშვილი, შვილიშვილები პაატა და ზურიკო, 18 აგვისტო 1986, ლიკანი

პ.გუგუშვილი, შვილიშვილები პაატა და ზურიკო, 18 აგვისტო 1986, ლიკანი

წაუმღერებდა:

„ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება,
წარმავალია ნათელი სულ მოსაჩვენად ბრწყინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება,
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება.

იმასაც მოკლედ უვლია, ვინც გრძლად ეგონა იარა,
თოფს ჟანგი შეჭამს, ჟანგს – მიწა, კაცის გულს დარდის იარა,
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა.

ლექსო, ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე,
მოსთქომენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმაზე ვყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.

მოსთქომენ ჩემებ სწორები, ფანდურის ხმაზე ვყვებოდე,
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე…“

დაუწკაპუნეთ მოსასმენად:
ბასიანი: „ბინდისფერია სოფელი“ >>>
ზედაშე: „ბინდისფერია სოფელი“ >>>

და – მიამღერდა:

„დავლოთ – სანამ ერთად ვართ,
სანამ ერთმანეთს ვხედავთო,
ჯავრი მაშინაც გვეყოფა –
შავ ლოდს რომ ამოვხედავთო…“

ეს მასალა იმათთვისაა შექმნილი, ვისაც პაატა გუგუშვილი უწოდებდა – „ჩემი მკითხველი“ და „ჩემი მოწაფეები“. იმ იმედად, რომ ადრე თუ გვიან, მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ ამ მასალებს. იქნებ ოდესმე, რაიმე სახით წიგნადაც გამოიცეს სამშობლოში. საკუთრივ ეს ნაკრები გამზადებულია პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით და იმედია გამოადგებათ იმათ, ვინც ამ თარიღთან დაკავშირებით რაიმე ნაშრომს მოამზადებს.

უმთავრესი მასალა, რომლის აქ გამოქვეყნებასაც ვგეგმავ, ეს არის ნაწილები პაატა გუგუშვილის პირადი დღიურებიდან, მოგონებებიდან და ჩანაწერებიდან. ამ მასალას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში იგი განსაკუთრებული რუდუნებით აგროვებდა, აწესრიგებდა და დამიტოვა როგორც ყველაზე ძვირფასი ქონება, ოჯახური საგანძური. არც მე და არც ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრს ამ რვეულებში მის სიკვდილამდე არც ჩაგვიხედავს – თუმცა ისინი ჩვენგან დამალული და ჩაკეტილი არ ყოფილან. მას არაფერი არ დაუბარებია დღიურების გამოქვეყნების შესახებაც.

ნინო გუგუშვილი მიქაბერიძისა

ნინო გუგუშვილი მიქაბერიძისა

ერთხელ მითხრა — საქართველოში არა მგონია კიდევ იყოს სხვა მეტ-ნაკლებად გამოჩენილი პიროვნების ამავე პერიოდის დღიურებიო. როდესაც დავინტერესდი, რატომ ფიქრობს ასე, განმიმარტა: ძნელია, რომ ჩვენს დროში კაცმა ანდოს ქაღალდს სიმართლე და ინტიმური, თუ ეს ქაღალდი და ეს სიმართლე მეუძლიათ მის დასაღუპად გამოიყენონო. კი მაგრამ, შენ არ გეშინია ამისი, მეთქი? მეშინია და მაინც ვწერ, კალამი მოითხოვსო — თქვა.

ავტორი დღიურებს არც თუ სისტემატურად აწარმოებდა. ტექსტი უფრო ხშირად დაუდევრად, გაკრული ხელითაა დაწერილი და ძნელად იკითხება. ატორს არ უზრუნია არც ტექსტის კორექტურაზე. როგორც ჩანს, დიდი ნაწილი, შემდეგ არც აღარასდროს გადაუკითხავს (არის გამეორებები და სხვ.).

კრიმინალთა პუტჩის დაწყებისთანავე, ის რაც ჩემმა მეუღლე ლიამ პირველ რიგში გადაარჩინა და გადამალა (რა თქმა უნდა ბავშვების შემდეგ) — ეს იყო ჩანთა მამაჩემის ამ პირადი დოკუმენტებით — რომელიც ჩემს ბინაზე გადავიტანე მისი გარდაცვალებისთანავე. იმიტომ, რომ ქალბატონმა ქეთევანმა (აკად.შალვა ნუცუბიძის მეუღლემ) ადრევე გამაფრთხილა — მამას თუ რამე მოუვა, მისი პირადი არქივი გადამალე, აუცილებლად მოსპობენ — ისევე, როგორც შალვას არქივსო.

პაატა გუგუშვილის პირადი არქივის მასალისა და დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, ფოტოსურათების უნიკალური ნაკრებისა და ძველი გამოცემების (პირველნაბეჭდი ქართული წიგნები) ჩათვლით მაინც ვერ გადავარჩინე — დაიკარგა ან გაიტაცეს. დღეს არც პაატა გუგუშვილის სახლ-მუზეუმი, მისი კერიაც აღარ არსებობს. მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკაც — რომლითაც ძლიერ ამაყობდა — ავბედობისაგან დაფანტულ- გავერანებულია:
“ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება”-ო დაუწერია…

პირადი ფოტოების, დოკუმენტებისა და კომენტირებული მისი წიგნების (რომლებშიც შესწორებები და ჩამატებები იყო) ერთი ნაწილი კრიმინალური ხუნტის აგენტებმა გაანადგურეს ან გაიტაცეს ჩემი საცხოვრებლის დარბევა-დაწიოკების დროს (იხ. განცხადებები ამავე კრებულში). მისი მეუღლე ნინო, შვილმკვდარი, ლოგინად ჩავარდნილი — მარტოობაში, სულ ახალგაზრდა შვილიშვილების, კეთილი მეზობლებისა და მოყვარე-ნათესავების იმედად დარჩენილი გარდაიცვალა და დაიმარხა ჩემი დევნილობის პირველსავე წელს.

ცხრა წელიწადი პაატა გუგუშვილის დღიურებისა და მოგონებების დასტა ინახებოდა ჩემი დეიდაშვილის დიმიტრი და ანიკო ნიორაძეების ოჯახში და მხოლოდ ახლა, 2000 წლის ნოემბერში იგი ხელუხლებელი და მთლიანობაში ისევ ჩემს ხელთაა. ამისათვის ჩემი მეუღლე ლია, პირველი შესაძლებლობისთანავე, საგანგებოდ ჩავიდა თბილისში ჰელსინკიდან. ლიამ ნათესავ-მეგობრებს შორის აგრეთვე შეაგროვა მამისა და ოჯახის მცირეოდენი ფოტოები, რომელთა ერთ ნაწილს აქვე გამოვაქვეყნებ.

ამ არქივის მთავარი ნაწილი არის დღიურების 15 (დაწყებული 1930 წლიდან) და მოგონებების ერთი (1980 წლიდან) საერთო რვეული. დღიურებში დიდი ადგილი უკავიათ ამონაწერებს, ციტატებს, ანდაზებსა ა.შ. პაატა გუგუშვილისათვის იმ დღეს წაკითხული წიგნი დღის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.

თავში მიბეჭდილია ის სიმღერა, რომელსაც მამა და მისი მეგობრები წვეულებების დროს, რომლებიც რაღაცით საიდუმლო სერობებს ჰგავდნენ, ხშირად ღიღინებდნენ. ეს სიმღერა ბავშვობიდანვე ჩამრჩა მეხსიერებაში და ჩემთვის მამის ატრიბუტად, მის გარკვეულ სახედ იქცა. ლექსი რამდენჯერმე, სხვადასხვა ვარიანტში, დღიურებშიც არის ჩაწერილი. ვფიქრობ, ეს ლექსი ასახავს იმ ფარულ სევდას, რომელიც პაატა გუგუშვილის ცხოვრებას განუყრელად თან სდევდა.

საგანგებოდ:
თუ ამ მასალაში რომელიმე პიროვნების შესახებ არაზუსტი ინფორმაციაა, მიუტევონ ავტორს და მათ, ან მათმა მემკვიდრეებმა გამომიგზავნონ შესწორება, დაზუსტება რომელსაც აქვე, აუცილებლად გამოვაქვეყნებ. რამე-თუ დაუწერია:
“მოგონებების წერას აზრი არა აქვს, თუ იქ არ იწერება მხოლოდ სიმართლე (სინამდვილე)”

თუ ვისმეს აქვს პაატა გუგუშვილის ფოტოები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტური მასალა და შეუძლია ასლი მომაწოდოს — დიდად მადლიერი ვიქნები. დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებ მასზე მოგონებებს და გამოკვლევებსაც — თუ მათ ელექტრონული ფორმით (კომპიუტერზე მომზადებულს) ვინმე მომაწვდის.

საკუთრივ, მასალის ეს კომპლექტი მომზადებულია პაატა გუგუშვილის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით — რათა მკვლევარებს, რომლებიც ამ თარიღთან დაკავშირებით ნაშრომებს ამზადებენ დროულად ექნათ დამატებითი და დაზუსტებული მასალა პაატა გუგუშვილის ცხოვრების, მისი იმ შეხედულებების შესახებ – რომელთა მისი სიცოცხლის დროს პუბლიკაცია სავსებით შეუძლებელი იყო.

თავის დროზე, ერთი-ორჯერ გაკვრით გვქონდა საუბარი იმაზე რასაც იგი მოიხსენიებს როგორც „სთაგორი“-ს. მაინტერესებდა ვინ იყვნენ ამ ორგანიზაცისს წევრები, მაგრამ გარკვეული პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღე — „მეგობრებიო“ — ასე ამბობდა (იხ. რვ.7, გვ.67[62] და რვ.12, გვ.45) და ალბათ სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება.

აქ გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება, გადაცემა, გადაწერა ან სხვა გზით გავრცელება დაუშვებელია საავტორო მფლობელის საგანგებო ნებართვის გარეშე.
© ბესარიონ გუგუშვილი

პაატა ბესარიონის ძე გუგუშვილი ეკონომიკა პოლიტეკონომია პოლიტიკური ეკონომია სოციოლოგია დემოგრაფია სახალხო მეურნეობის ისტორია სტატისტიკა მეურნეობა ჟურნალისტიკა კონსტანტინე გამსახურდია ხალხთმოსახლეობა სტამბა გამომცემლობა შრიფტი შრიფტები საქართველო ამიერკავკასია კავკასია

Advertisements

3 Comments »

  1. ჰმმმ რამდენი ხანია ბლოგი გქონიათ და არ ვიცოდი… რეკლამა ჭირდება 🙂

    კომენტარი by მიშა — მაისი 21, 2009 @ 3:27 PM

  2. დიდი განძია.
    დასანანია, რომ ასეთი დაგვიანებით ვეცნობი. ეს ღრმა ფილოსოფიური შინაარსის, აფორისტულ ფორმათა შემცველი შედევრი (ლექსი),დღემდე ხალხური მეგონა.

    კომენტარი by გიორგი ბერუჩაშვილი — მარტი 13, 2010 @ 2:37 PM

  3. Кстати, неплохо описал этот момент, а то я раньше смотрел только в новостях описания, а там они такие расплывчитые.

    კომენტარი by Crystaller — მარტი 9, 2011 @ 1:45 PM


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.